ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის კალაპოტში კარიერული წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, 5 მარტის შემდეგ, ადგილობრივთა აქცია კვლავ გაგრძელდა.
ადგილობრივები კარიერზე მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელის და გარემოს დაცვის სამინისტროს გურია-აჭარის რეგიონის წარმომადგენელთა მოსვლას ითხოვდნენ.
7 მარტს, დილიდან ბაილეთის და სილაურის მცხოვრებლები კვლავ შეიკრიბნენ ორი სოფლის საზღვარზე, მდინარე სუფსის ხიდთან, სადაც კარიერისკენ მიმავალი გზაა და ათეულობით მძიმე სატვირთო მანქანას, რომლებსაც ხრეში გადაქონდათ, გზა გადაუკეტეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, რეგიონის პოლიციის წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სილაურიდან გოჩა კილაძე, ასევე, გარემოს დამცველები: ირმა გორდელაძე და ლევან მგელაძე (ოზურგეთის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი).
შპს “ქიუ ემ სის” წარმომადგენელი კობა ლექვინაძე აქციის მონაწილეებთან მალე მოვიდა.
_ ყველაფერი კეთდება კანონის სრული დაცვით. ადრე ვინ რას აკეთებდა, მე ნუ მომაწერთ. ერთი თვეც არაა, რაც აქ მოვედი. მანამდე სხვა მუშაობდა. რატომ გგონიათ, რომ ვინმე კანონს არღვევს? დღეში ოთხჯერ და ხუთჯერ ამოდიან აქ გარემოს დამცველები. შემაწუხებელია, მეტი რომ არაფერი, მაგრამ წესი წესია. სალიცენზიო ტერიტორია იმიტომ არსებობს, რომ იქ მე მაქვს კანონიერი მოპოვების უფლება, ყველაფერი კეთდება კანონის სრული დაცვით, _ უთხრა მან აქციის მონაწილეებს. თუმცა, ადგილობრივები ამ საუბრით მხოლოდ გაღიზიანდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს, მტკიცებულების სახით, დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომ ხრეშის ამოღებისას კანონი არ ირღვევა.
_ კანონი არ ირღვევა კი არა, გაარღვიეს სუფსის კალაპოტი და ლამის, მთა-გორიანად შუაზე გადაჭრან აქაურობა. ვის სჭირდება ამათი დემაგოგია? მობრძანდნენ აქ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, “შპარგალკებით” შეიარაღებულ კომპანიებს რომ გვიგზავნიან ნახევარი საუკუნის წინ დაბეჭდილი რუკებით, შედით და ამოგლიჯეთ გულ-მუცელი სუფსასო. მობრძანდნენ აქ! სუფსა მალე გადაირევა და ხალხი კი გადარიეს მაგათ უკვე. მოსყიდვაზეც არ ეშლებათ ხელი, “პიარშიკებიც” ჰყავთ სოფელში, _ თქვეს ადგილობრივებმა _ ტარიელ ნაჭყებიამ და იური დარჩიამ.
გარემოს დამცველმა ირმა გორდელაძემ მოითხოვა დოკუმენტაცია, რამდენად კანონიერად ხდება ხრეშის ამოღება.
_ აუცილებლად უნდა შევხვდეთ! თქვენი საბუთები არანაირად არ არის წესრიგში. შპს “ნატა 2000-მა” თქვენ გაგიფორმათ ხელშეკრულება, რადგან მას ჰქონდა დაყადაღებული ლიცენზიები, სწორედ კანონისდარღვევით მუშაობის გამო. აუცილებლად გვჭირდება ის საბუთები, რის საფუძველზე მოგცათ თქვენ ლიცენზია წიაღისეულის სააგენტომ, რადგან ის ქვა-ღორღი, რაც უნდა ამოიღოთ, 270 ათასი ტონა წელიწადში, ამ კალაპოტს არ გააჩნია. 120 მანქანა გადის აქედან დღეში, კატასტროფული მდგომარეობაა. ამიტომ მიძვრებით ფსკერში, კეთდება აუზები, რომ სასწრაფოდ ჩაიტანოს მდინარემ ნატანი და მაქსიმალურად ამოართვათ მერე ეს ფსკერი. თქვენ უკვე ძალიან დაარღვიეთ კანონი, რადგან მდინარის ტრაექტორია ხელოვნურად შეცვალეთ, ჩადიხართ დიდი სიღრმეზე და ამას დაგიმტკიცებთ! _ უთხრა გორდელაძემ ლექვინაძეს, რასაც მათ შორის ასეთი დიალოგი მოჰყვა:
_ რამდენ მეტრზე ვარ ჩასული?
_ ათ მეტრზე ხართ და ამას დაგიმტკიცებთ.
_ სამ მეტრზე მეტ სიღრმეზე არ ჩავდივართ. მოდით, დავნაძლევდეთ მაშინ. კოვში არის ექვსმეტრიანი, ათ მეტრზე როგორ ჩავალთ? _ თქვა ლექვინაძემ და გორდელაძეს ხელი გაუწოდა.
_ ბატონო იაკობ, სამზე მეტი ხომ არის ექვსი? თქვენ ძალიან დააზიანეთ მდინარის ფსკერი, დაგიმტკიცებთ!
_ მაშინ დააყენეთ თქვენი წარმომადგენელი. ეს გზა სახელმწიფო მნიშვნელობის გზაა. კეთდება სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი. თუ დაზიანდება, გააკეთებს სახელმწიფო, გაითვალისწინეთ ისიც, რომ საარჩევნო წელია. ასე არ შეიძლება! _ სახელმწიფო ინტერესები მოიშველია ლექვინაძემ.
აქციის მონაწილეებმა: ნუგზარ გორგაძემ, მიხო ქილიფთარმა, ნარგიზ რიჟამაძემ, გულნარა ფუტკარაძემ და სხვებმა კატეგორიულად მოსთხოვეს ლექვინაძეს, მოეტანა დოკუმენტაცია, რამდენად სამართლიანად მოიპოვებენ მდინარის კალაპოტში მასალას.
_ მეტი არაფერი გვაინტერესებს _ დოკუმენტაცია! ვის იგდებთ თქვენ აბუჩად? ანკესს გადააგდებდი და თევზი მოსული იყო. ახლა სად ნახავ თევზს, ან ყანა სადაა?! წაიღო კალაპოტშეცვლილმა და ფსკერგამორთმეულმა მდინარემ მიწაც და საყანეებიც, _ ამბობდნენ ისინი.
აქციის მსვლელობისას ათეულობით სატვირთო მანქანა, დატვირთული თუ დაუტვირთავი, რომლებიც მაინც ცდილობდნენ გადაადგილებას, მდინარე სუფსის ხიდთან და ასევე, კარიერის ამოსასვლელ გზაზე გააჩერეს.
იაკობ ლექვინაძემ არაერთხელ სცადა, ერთმანეთს დათანხმებოდნენ, გასცა დაპირებებიც შესაძლებლობის ფარგლებში, თუმცა, აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ შემოთავაზებულ პირობებს.
მოსახლეობის მიმართვაზე, ორი დღის განმავლობაში კარიერზე არ შესულიყვნენ და შეეჩერებინათ მუშაობა სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, ლექვინაძემ უარი განაცხადა:
_ მუშაობას ვერ შევაჩერებთ და თუ დანაშაულს ჩავდივარ, გპირდებით, პასუხს ვაგებ. აგერ ვარ, არსად გავრბივარ, _ თქვა მან.
აქციის მონაწილეები კატეგორიულად ითხოვდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს აჭარა-გურიის წარმომადგენელთა მოსვლას, რომელთაც არაერთხელ დაურეკეს, თუმცა, ისინი დღის განმავლობაში არ გამოჩენილან.
“რავა მოვლენ?! დინამიტს აფეთქებენ, ან “კაჭკით” სილა მიაქვს ვიღაცას სუფსის სანაპირიდანო რომ დაურეკო, იმ წუთს დაგვაცხრებიან და დაგვაჯარიმებენ. ახლა რატომ ითრევენ ფეხს? არ მოესვლებათ აქ. მოდიან და ვითომ კარიერს ამოწმებენ. მაგფერი “ექსპერტობით” რომ გამოირჩეოდნენ, იმიტომ არის რვა კაცი დაჭერილი მაგ გარემოს დაცვიდან. ხალხის მოსატყუებლად ყველა მაგარია”, _ ბრაზობდნენ აქციის მონაწილეები.
დღის ბოლომდე, შპს “ქიუ ემ სის” წარმომადგენელი და აქციის მონაწილეები ვერაფერზე შეთანხმდნენ _ მოსახლეობის წარმომადგენლები კვლავ კატეგორიულად ითხოვდნენ წიაღის სააგენტოსა და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა ჩამოსვლას.
_ აუცილებლად მოვიდნენ ადგილზე, შეამოწმონ, დაასურათონ სუფსის კალაპოტი, სადაც კარიერია და დადონ დასკვნა, მიადგა თუ არა გარემოს ზიანი, დაზიანებულია თუ არა მდინარის კალაპოტის ფსკერი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მდინარე სუფსის ფსკერი სერიოზულად არის დაზიანებული და აქაურობა გაჩანაგებულია. თუ საწინააღმდეგო დამტკიცდება და აღმოჩნდება, რომ გარემოს არანაირი ზიანი არ მიდგომია, პროტესტს შევწყვეტთ. ოღონდ, ვინმემ ჩვენი მოტყუება არ გაბედოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, _ თქვეს აქციის მონაწილეებმა “გურია ნიუსთან”. მათივე თქმით, საპროტესტო აქციას პერმანენტულად გააგრძელებენ და კვლავ გადაკეტავენ კარიერიდან ამომავალ გზას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.
“გურია ნიუსი” ოპერატიულად მიაწვდის მკითხველს ინფორმაციას სუფსის კარიერზე განვითარებული მოვლენების შესახებ.