წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, ქვეყნის მასშტაბით, ისევ 40 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4 800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოების კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა.
რაც შეეხება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წლისთვის განკუთვნილ თანხას, გასული წლის მსგავსად, ამ კუთხით წელსაც 748 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. ეს თანხა წილობრივად ყველა ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდება, სადაც უკვე დასრულდა სოფლის კრებების მოწყობა და მოსახლეობამ პრიორიტეტებიც განსაზღვრა.
მოსახლეობის მიერ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში პროგრამის ფარგლებში ოთხი პროექტი გახორციელდება. ქვემო შუხუთში კრების მონაწილეთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გარე განათების მოწყობა და წლის სისტემის რეაბილიტაცია გახორციელდება, ხოლო ზემო შუხუთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოყოფილი თანხა, მინი სტადიონისა და სოფლის სასაფლაოსთან სველი წერტილის მოწყობას მოხმარდება.
სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფელ ნიგოითში გარე განათება დამონტაჟდება, უკვე არსებულ ქსელზე დამატდება ნათურები. სოფლის პროგრამის თანხიდანვე მოხდება წყლის სათავის რეაბილიტაცია.
გარე განათების მოწყობისა და უკვე არსებულ ქსელზე ნათურების დამატების გადაწყვეტილება მიიღო სოფელ ჩოლობარგის მოსახლეობამაც, სადაც პროგრამის ფარგლებში, სოფლის შიდა გზების მოხრეშვაც უნდა გახორციელდეს.
გარე განათების მოეწყობა და უკვე არსებულ ქსელზე ნათურები დამატება გადაწყდა სოფელ ჭყონაგორაშიც. ჯიხეთში კი, სოფლის პროგრამის თანხიდან ჯიხეთის დედათა მონასტრამდე მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდება.
სოფელ ჯაპანაში კრების მონაწილეებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოფლის პროგრამიდან გამოყოფილი თანხა სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მოხმარდეს და რკინა-ბეტონის საფარი დაიგოს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო სოფლის კრებაზე ქვიანის მოსახლეობამაც და სოფელში არსებულ ორ სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე რკინა-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულშიც ჩატარდა. სოფელ სუფსაში მოსახლეობამ სანიაღვრე არხების გაწმენდისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციის გახორციელების გადაწყვეტილება მიიღო. სოფელ ჩქუნში კი პრიორიტეტულ საკითხებად წყლის სათავე ნაგებობის, გარე განათებისა და სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა გამოიკვეთა.
ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის ხიდმაღალას მოსახლეობამ, გარდა წყლის სისტემის რეაბილიტაციისა, პრიორიტეტად მილხიდის მოწყობა და სანიაღვრე არხების გაწმენდა მიიჩნია.
რაც შეეხება ახალსოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებას, აქ გარე განათების მოწყობა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მოხდება.
ტაბანათელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სოფლის პროგრამიდან გამოყოფილი თანხა გარე განათების მოწყობისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გაიხარჯება. გრიგოლეთისა და მალთაყვის მოსახლეობამ კი მოსახლეობამ კი არჩევანი სოფლებში არსებულ სანიაღვრე არხების გაწმენდასა და მინი სტადიონების მოწყობაზე გააკეთა.
რაც შეეხება ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ ზემოთ ნახსენები პროგრამიდან, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გარე განათების სამუშაოები გახორციელდება.
ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც შვიდ სოფელს მოიცავს, პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: სოფელ მოედანში სანიაღვრე არხები და ცხაურები მოეწყობა. სოფელ ჩოჩხათში გარე განათების მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია გადაწყდა. სოფელ შრომისუბანში შიდა გზების მოწყობა მოხდება.
სოფელ გულიანში მოსახლეობამ გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. რკინა-ბეტონის საფარით სოფლის შიდა გზების მოწესრიგება გადაწყდა კოკათში, ხორეთში კი _ გარე განათების მოწყობისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის სამუშაოების ბოლომდე მიყვანა.
რაც შეეხება ჯიხანჯირის მცხოვრებთა გადაწყვეტილებას, აქ სოფლის მთავარ გზაზე გარე განათება დამონტაჟდება და ღია სანიაღვრე არხი მოეწყობა.
მოსახლეობის ჩართულობით, ასევე, სოფლის კრებები ჩატარდა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეირჩა პრიორიტეტები. ზემო აკეთის მოსახლეობამ არჩევანი სტადიონის კეთილმოწყობაზე, წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციასა და გარე განათების მოწყობაზე გააკეთა. ქვემო აკეთში ადგილობრივებმა გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. სოფელ გაგურში კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და უბნების მიხედვით გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. უბნების მიხედვით გარე განათების მოწყობა გადაწყდა სოფელ ჭანჭათში გამართულ კრებაზეც.
მამათის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლება ზემო მამათში სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოყოფილი თანხა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ცხაურისა და სანიაღვრე არხების მოწყობას მოხმარდება. ქვემო მამათის მოსახლეობამ დაზიანებული წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და შიდა გზებზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო.
კონჭკათში გამართულ კრებაზე, ადგილობრივებმა არჩევანი გარე განათებისა და წყლის სისტემის მოწყობაზე გააკეთეს. შათირში, მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტი მიენიჭა წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, ასევე, დაიგეგმა სანიაღვრე არხების მოწყობაც.
რაც შეეხება აცანას, აქ მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: აცანასა და ტელმანში. მოსახლეობა შეთანხმდა, რომ გამოყოფილი თანხით დასრულდეს სოფლის ძველი წისქვილის შეკეთება და მოეწყოს გარე განათებები.
შეხვედრები შედგა ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში _ სოფელ წყალწმინდაში მოსახლეობამ სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობისა და სველი წერტილისთვის საშენი მასალის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო სოფელ ღრმაღელეში, ომფარეთსა და ორმეთში გარე განათების მოწყობა განისაზღვრა პრიორიტეტად.
ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც სამ სოფელს აერთიანებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტად ქვემო ჩიბათში ცენტრალურ გზაზე გარე განათების მოწყობა, სოფლის ცენტრში არსებული სკვერის რეაბილიტაცია და ე.წ. “ჭაჭახუნას” უბანში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა განისაზღვრა.
სოფელ ჭალის მოსახლეობამ მინი სტადიონის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო სოფელ ჩიბათის მოსახლეობამ, კუთვნილი თანხით, წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და წყლის მილების შეძენა გადაწყვიტა.
გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტები ასე გადანაწილდა _ ჯუნეწერის მოსახლეობამ სოფელში გზისპირა მოსაცდელისა და არსებულ სპორტულ მოედანზე განათების მოწყობა გადაწყვიტა. სოფელ გვიმბალაურში კი არსებულ სპორტული მოედანზე სარემონტო სამუშაოების დასრულება და ინვენტარის შეძენა გადაწყდა.
რაც შეეხება ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ კრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სოფელ არჩეულის მოსახლეობასთან გამართული საერთო კრების ოქმის მიხედვით, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარე განათებები დამონტაჟდეს არჩეული-ნინოშვილის დამაკავშირებელ გზასა და ე. წ. “ჩიქვეთის”უბანში, ასევე, გზის ორმოვანი შეკეთება გახორციელდეს. გარდა გარე განათების მოწყობისა, წყლის რეზერვუარის შეძენისა და მილხიდების მოწყობა გადაწყდა სოფელ ნიგვზიანში გამართულ საერთო კრებაზე. ჩანჩეთში გამართულ საერთო კრებაზე, ადგილობრივებმა სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და საყანე ფართობებთან დამაკავშირებელ გზაზე ხიდის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალის შეძენა გადაწყვიტეს. სოფელ ხაჯალიაზე კი პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა, გზის მოხრეშვა და სანიაღვრე არხების დასუფთავება განისაზღვრა.
ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ეწერსა და ბაღლეფში გამართულ კრებებზე დადგინდა, რომ ზემოთ ნახსენები პროგრამიდან გათვალისწინებული თანხით გარე განათება მოეწყოს, სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობამ კი გარდა გარე განათების მოწყობისა, სოფლის ცენტრში სველი წერტილის გადაწყვეტილებაც მიიღო.
მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც სამი სოფლისგან შედგება, ორაგვეს მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება განსაზღვრა. რაც შეეხება სოფელ მაჩხვარეთს, აქ ადგილობრივები სპორტული მოედნის შეღობვასა და სოფლის გზის რეაბილიტაციაზე შეჯერდნენ. სოფელ ჯუნმერეს მოსახლეობამ კი გზის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხებიდან სოფელ ჭინათში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და სოფელში არსებული სანიაღვრე არხების გაწმენდა გახორციელდება. სოფელ ლესაში კი გარე განათების მოწყობა და სოფლის გზის მოხრეშვაა გეგმაში.