ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში “წითელი ჯვრის” ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლები მერიის წარმომადგენლებთან ერთად საკვებ პროდუქტებსა და სხვადასხვა საჭიროების ნივთებს არიგებენ, რამაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია: “მითხარით, ვინაა ჩემზე მეტად გაჭირვებული”; “ვინ შეარჩია, ვის უნდა დაეხმარონ და ვის არა”; “ჩემს მეზობელთან რომ მიიტანეს, მე უფრო დალხინებული მნახეს?” “თუ ვინმეს უნდა დაეხმარნონ, ამაზე გაჭირვებული ვინაა”, _ ამბობენ მოქალაქეები. ერთ-ერთი მათგანის თქმით, მერიაში მისულს განცხადების დაწერის შესაძლებლობაც არ მისცეს.
“განცხადების საფუძველზე ვარიგებთო, _ მითხრეს. მივედი, ვიფიქრე დავწერ განცხადებას-მეთქი, მაგრამ განცხადების დაწერის შესაძლებლობაც არ მომცეს. ასე ვთქვათ, გამომაგდეს”, _ გვეუბნება მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ ამით უთანასწორობის განცდა გაუჩნდა.
ინფორმაცია ფოტოებთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზეც გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მოსახლეობისთვის დახმარების გადასაცემად, “წითელი ჯვრის” წარმომადგემლებთან ერთად ჩოხატაურის მერის მოადგილე, მინდია ჟღერია იმყოფებოდა.
“წითელი ჯვრის ჩოხატაურის ფილიალის წარმომადგენლებმა, მერის მოადგილე მინდია ჟღერიასთან ერთად, განცხადებით მიმართვის საფუძველზე, სოციალურად შეჭირვებულ, კიდევ რამდენიმე ოჯახს გაუწიეს დახმარება. ბენეფიციარებს, კვების პროდუქტები გადასცეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ინფორმაცია მიაწოდეს პრემიერ მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესახებ”, _ ვკითხულობთ მერიის ფეისბუქვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესთა დასაკმაყოფილებლად, რომლებმაც “გურია ნიუსს” კითხვებით მომართეს, მერის მოადგილეს მინდია ჟღერიას დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და კომენტარს მერიის პრესსამსახურის საშუალებით მოგვაწვდიდა.
“მერიაში, რეგულაციების შესაბამისად, განცხადებების მიღება შეუფერხებლად მინდინარეობს და იმას, რომ მოქალაქეებს მერიის შესაბამისმა სამსახურმა განცხადების რეგისტრაციაზე უარი უთხრა, კატეგორიულად გამოვრიცხავთ.
რაც შეეხება, წითელ ჯვარს, მათ თავად შეიძინეს პროდუქტი და განცხადებით მიმართვის საფუძველზე გადასცეს სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს.
ასევე, მიმდინარეობს, წითელი ჯვარისა და მერიის ერთობლივი აქცია, რომელიც გულისხმობს, არამალფუჭებადი პროდუქტების შეგროვებას და მერიაში დასაწყობებას. გაცემა მოხდება, ასევე, მომართვის საფუძველზე, 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებზე და მრავლშვილიან ოჯახებზე.
მერიაში არსებობს 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა, სპეციალური საჭიროებების მქონე და მრავალშვილიანი მოქალაქეების სია.
კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ბრალდებას, რომ შერჩევით ხდება რაიმეს გაცემა. მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვმართეს სხვადასხვა ფორმით, ყველამ მიიღო დახმარება, მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა მერს დაურეკეს პირადად და ირაკლი კუჭავამ საკუთარი სახსრებით შეუძინა მოქალაქეებს საკვები. ასევე, გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც თავიანთი ინიციატივით ჩაერთნენ საქველმოქმედო აქციაში, სადაც ჩვენც ჩართულები ვართ.
აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, ჯერჯერობით, გარდა ბაღებისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროდუქტების შეძენისათვის არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.
როცა, ასეთი პროგრამის გახორციელება ბიუჯეტიდან დაიგეგმება, ეს იქნება გამჭვირვალედ და ამაზე დამატებით გავავრცელებთ ინფორმაციას, _ ვკითხულობათ მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაცია წითელი ჯვრის” ჩოხატაურის ოფისის მენეჯერი თამუნა კოროშინაძე, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ისინი დახმარებას შემოწირულობით გასცემენ და ამ შემთხვევაში, ბენეფიციარები 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა, რისკჯგუფში მყოფი პენსიონერები არიან.
“ჩვენ, ჩვენი ორგანიზაციის სათავო ოფისის მითითებით, “მაგნიტის” ქსელში გვიდგას კალათა, რომელშიც შემოწირულობის ჩადება ყველა მსურველს შეუძლია. მაგალითად, ოჯახისთვის შეიძინა მაკარონი, შეიძინა, ასევე, მეორეც, რომელსაც დებს შემოწირულობის კალათაში. გროვდება პროდუქტი იქნება ეს თუ ჰიგიენური საშუალებები, შემდეგ მოგვაქვს და ვაფასოებთ. გვაქვს მითითება, თითოეულზე რა რაოდენობის პროდუქტი და თავის მოვლის საშუალებები უნდა გაიცეს. თუმცა, მიღებულ პროდუქტს ვასაწყობებთ გამგეობაში”, _ გვითხრა თამუნა კოროშინაძემ.
წითელი ჯვრის ჩოხატაურის ოფისის მენეჯერის თქმით, დახმარება გაიცემა განცხადების, ან შეტყობინების საფუძველზე.
“დახმარებას გავცემთ განცხადების საფუძველზე, მაგრამ თუ გავიგეთ ან ვინმემ შეგვატყობინა, რომ რომელიმე ოჯახი ან პიროვნება აუცილებელ დახმარებას საჭიროებს, მაშინვე ვეხმარებით. მაგალითად, ხვალ (საუბარი ჩაწერილია 2 აპრილს) სოფელ შუაფარცხმაში 2 შეჭირვებულ ადამიანთან ვიზიტს ვგეგმავთ, _ გვითხრა თამუნა კოროშინაძემ.