დღეის მდგომარეობით, ოზურგეთის ქუჩებში, შედარებით, ხალვათობაა. როგორც ცნობილია, აქ აგრარული ბაზარი დაიხურა და სავარაუდოდ, დაკეტილი იქნება 21 აპრილამდე. თუმცა, დაზუსტებულ პასუხს არავინ ამბობს, კონკრეტულად როდის მოწესრიგდება და გაიხსნება მუდამ მოუწესრიგებელი, თუმცა, ხალხისთვის ასე საჭირო ობიექტი.
ყველაზე ძალიან კი ის გარემოვაჭრეები სწუხან, რომლებიც ბაზრის სიახლოვეს, გურიის ქუჩაზე, იდგნენ და აქ ჰქონდათ განთავსებული თავიანთი სვაჭრო წერტილები.
_ რა ამბავია, სამი კაცი ვდგავართ და სამი პოლიციელი დაგვძახის, დისტანცია დაიცავითო. სად გავიქცე, ახლოს არ მივკარებივარ არავის, გვერდი ავუარე შემხვედრს, როგორც წესია… საქმე ნახეს, რა, _ გვითხრა რიგითმა გამვლელმა და როცა ვინაობა ვკითხეთ, უფრო გაბრაზდა, თქვენ მაინც რაღა გინდათ, ეს გამაგებინეთო და გაგვეცალა.
_ვინც მდიდრები იყვნენ, იმათ კიდე უფრო ამდიდრებენ, ღარიბებს კი უფრო გვაღარიბებენ. აი, ესაა ამ ღონისძიების შედეგი. ვისხედით აქ წესიერად და ვყიდდით ბოსტნეულს და სხვადასხვა საოჯახო წვრილმანებს. რას ვაშავებდით? ვიღაცამ დაიცვას ეს დისტანციაა თუ ჯანდაბა. მე კარტოფილი გავყიდო თუ ამათ ვუძახო, „ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან“? „მაგნიტის“ სავაჭრო ქსელს ყველა კუთხეში მაღაზია აქვს. ხალხი ახლა იქ შედის. ეს იყო მიზანი? მდიდარი უფრო უნდა გამდიდრდეს? იქ ხომ იცავს ვიღაც წესრიგს და სულ „დისტანციას“ გაიძახის. ამ ქუჩაშიც ექნათ ასე და დავეყენებინეთ ჩვენს ადგილზე. მე ამ მთავრობის მომხრე ვარ, მაგათთვის ვირბინე და რას დავრბოდი , ნეტა, კი დამსვეს ახლა სახლში, _ გვეუბნება გარემოვაჭრე მანანა ფერცულიანი.
მცირე მეწარმე, ვლადიმერ გოგიტიძე, რომელსაც თაყაიშვილის ქუჩაზე სასურსათო ჯიხური აქვს, ამბობს, რომ ძალიან ცოტა ხალხი მოძრაობს.
_თითქმის, ადამიანების 60 % -მა მოიმარაგა საკვები პროდუქტები. ერთბაშად იყიდეს ყველაფერი და ახლა სხედან შინ. ორი-სამი ადამიანი თუ შემოვა მაღაზიაში, ორი საათის შემდეგ კი ვკეტავ, _ გვითხრა მან.
მოქალაქეები მშვიდად, დისტანცირებულად დგანან „საქართველოს ბანკის“ წინ.
_წესებს ვიცავთ. ჩვენი საქმე გვაქვს ბანკში, შევდივართ ჩვეულებრივად, ხელი არაფერზე გვეშლება, – გვითხრეს ნინო ლომჯარიამ და თეონა შავიშვილმა.
_ახლა გავრბივარ „კრედო-ბანკში“. ვიცოდი, რომ სესხი ამ ბანკმაც გადაგვივადა. თუმცა , შეტყობინება მივიღეთ, რომ გადაიხადეთო. მეზობელმა კი მითხრა, ესემესი ავტომატურად მოგივიდოდაო, მაგრამ უნდა გავიგო. შეწუხებული ვარ. შვილები მუშაობდნენ, მაგრამ ახლა ორივე დროებით დაითხოვეს. ძალიან გამიჭირდება გადახდა, – გვითხრა სოფელ ჭანიეთის მკვიდრმა ლია შავიშვიმა, რომელიც ბანკისკენ მიიჩქაროდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, აქტიურად მოძრაობენ ქუჩებში და მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიცვან დისტანცია.
_დილიდან დავდივართ ყველა ქუჩაზე. შედარებით ხალხმრავლობა მაინც გურიის ქუჩაზეა და ხშირად შეხსენება განსაკუთრებით აქ სჭირდებათ მოქალაქეებს, რომ დაიცვან დისტანცია, შეიძინონ რაც სურთ და დროულად დაბრუნდნენ შინ. ბევრი გვეკითხება, როდის გაიხსნება ოზურგეთის აგრარული ბაზარი, თუმცა ოფიციალურად ეს არავის გადაუწყვეტია. არის ნათქვამი, რომ 21 აპრილამდე დაიკეტა. ხდება დაკვირვება, სიტუაციის კონტროლი. ყველას სურს, რომ დროულად დასრულდეს ეს კარანტინი თუ ყველანაირი შეზღუდვა და ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს, _ გვითხრა მან.
ოზურგეთის აფთიაქების უმეტესობაში არ არის და არც იციან, როდის ექნებათ პირბადეები და ხელთათმანები. ვიდრე ბაზარი დაიკეტებოდა, შიდა ტერიტორიაზე, ერთჯერადი ხელთათმანები 70 თეთრად ყოველდღე იყიდებოდა და მოქალაქეები ძირითადად იქ მიდიოდნენ შესაძენად.