ანასეულში ვანდალური ფაქტი მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ჩაის სუბტროპიკული კულტურების და მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, თემურ რევიშვილი ავრცელებს.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორი დღე ვიფიქრე დამეწერა, თუ არა, მაგრამ ფაქტი იმდენად სერიოზული და დამაფიქრებელია, თუ რასთან გვაქვს საქმე, გადავწყვიტე, გაგიზიაროთ.
3-4 აპრილს (ზუსტი დრო უცნობია), ანასეულში მოხდა ვანდალური ფაქტი. უკეთურებმა დააზიანეს კამპუსის ინგლისურენოვანი აბრა და რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებული, საზიანო და ვიმეორებ დამაფიქრებელია, ჩამოხსნეს, დააზიანეს და შეურაცხყვეს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს დროშა.
მიმდინარეობს გამოძიება. იმედს ვიტოვებ, ოპერატიულად დაწყებული საგამოძიებო ქმედებები, საგანგებო მდგომარეობის ზომების გათვალისწინებით, გაგრძელდება. ანასეულის დენდროპარკში 100 -ზე მეტი სახეობის არაჩვეულებრივი მცენარე ხარობს და იქვე ამ სილამაზის ცქერით დაკავდნენ ეს გარეწრები!“_ წერს თემურ რევიშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.