ზიარება ერთი კოვზით შეიცავს საფრთხეს და ვირუსი შეიძლება დღესასწაულებზე გავრცელდეს, _ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძემ “ფორმულასთან” ისაუბრა.
“როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი ფორმატით – ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა, რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვაში და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში, მე მაინც ვფიქრობ (თუმცა ეს კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი), რომ ვირუსის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე”, — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვისაც და ზოგადადაც სენსიტიურია და ის, როგორც ქრისტიანი უდიდეს პატივს სცემს ეკლესიას, ყველა იმ ტრადიციასა და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა.
“ეს ზოგადად სენსიტიური და პირადად ჩემთვისაც სენსიტიური საკითხია. როგორც ქრისტიანი და ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი და პატრიოტი, უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ეკლესიას და ყველა იმ რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია”, _აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.