მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება,_ ეს ის მიზნებია, რის გამოც, ცოტა ხნის წინ ტყის ახალი კოდექსი მიიღეს.
კანონის ერთ-ერთი პუნქტი მუნიციპალიტეტებში საქმიანი ეზოების შექმნას ითვალისწინებს.
რა ფუნქცია ექნება საქმიან ეზოებს– ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსი“ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსს, კარლო ამირგულაშვილს ესაუბრა.
„დღეს ბილეთებით ხდება საშეშე მერქნის მიცემა მოსახლეობისთვის, ხშირ შემთხვევაში არის არასწორი და არამდგრადი მოპოვება. ასევე მოსახლეობა არის ძალიან რთულ სიტუაციაში. იმიტომ რომ ყოველთვის ეს პროცესი ხელმისაწვდომი არ იყო, ისევე როგორც სამასალე მერქანი. ბევრს განსაკუთრებით რეგიონებში აქვს იმის საჭიროება რომ ჰქონდეს მეორე, მესამე ხარისხის სამასალე მერქანი. ღობის შესაღობად, სოფლის მეურნეობისთვის. გადავდივართ რა ტყის კოდექსით მეურნეობების შექმნაზე, რაც ადრე არსებობდა საქართველოში და დღეს ეს პრაქტიკა მიღებულია ევროპაში. 2023 წლიდან სრულიად ვაუქმებთ სოციალურ ჭრას. ამის ალტერნატივად ვაჩენთ მეურნეობებს. მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი აღმასრულებელი იქნება საქმიანი ეზო.
ეროვნული სატყეო სააგენტო თავის რეგიონულ წარმომადგენლობაში, გურიაში, აჭარაში, ნებისმიერ სხვა რეგიონში მუნიციპაურ დონეზე ქმნის ტყესთან ახლოს დასახლებულ პუნქტებთან ეზოს. ეს არის შენობა-ნაგებობა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც სატყეო სააგენტოს დელეგირებით, ორგანიზებულად მოხდება ხე-ტყის დამზადება, დახარისხება. იქ უკვე მოსახლეობა შეძლებს მარტივად, აუქციონის ან პირდაპირი წესით, ამ მერქნის შეძენას.
საქმიანი ეზო გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არაერთი შინაარსით დაიტვირთოს, შემოსავალი გააჩინოს და მოსახლეობა დაასაქმოს.
შეიძლება უფრო მეტიც გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ მერქნის ასორტიმენტება“,_ გვითხრა ამირგულაშვილმა.
წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. ერთ-ერთი უკვე გაიხსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.