თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ბიზნესმენს, ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომიდან ბრალდებული გააძევეს, რადგან მან პროკურორს რამდენჯერმე ხმამაღალი რეპლიკით მიმართა და “ლაწირაკი ბავშვი” უწოდა. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. თუმცა, ორი დღის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დაკავებული წარდგენილ დანაშაულს აღიარებდა.
გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ღლონტი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხდებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულმა 2020 წლის 28 ივლისს, წყნეთის გზაზე, კაკლებთან ლერი სულაბერიძის ავტომობილის მისამართით ავტომობილიდან ცეცხლსასროლო იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ინციდენტის შედეგად ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა, ნატყვიარები მხოლოდ ავტომანქანაზე შეინიშნება.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს გაიმართება.