ფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ კი, აუცილებელი იქნება რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს რომელი ორგანიზაცია ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონრეტულ რეკლამაზე.
ამ მიმართულებით პირველი გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 2019 წლის ივნისში მიიღო, როდესაც მან მსოფლიო მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები.
ფეისბუქის ახალი შეზღუდვის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის ყველა განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. შეზღუდვა ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, პოლიტიკური ფიგურის, პარტიის, კომიტეტის ან მისი წარმომადგენლის სახელით და მიზნით, რომ შემდგომში რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან პირის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახური. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას “ხმა მიეცი” და საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.
რეკლამის განმთავსებელმა მომხმარებელმა ავტორიზაცია პირადობის მოწმობით უნდა გაიაროს. ასევე, უნდა მიუთითოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამის ხარჯის ანაზღაურებაზე. აქ იგულისხმება საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს. ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზაციის დამატებითი მონაცემების: მისამართის, ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტისა და ვებ გვერდის მითითებაც.
ამ პროცედურების გავლას შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს.
რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და მასზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მსოფლიო ქვეყნების საარჩევნო პროცესების დაცულობაზე. ამისთვის კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რომელსაც მალე საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება. ასევე, სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშიდან Ad Library Report შესაძლებელი იქნება საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების გაანალიზება.