დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რომის პაპის მიერ გაკეთებული განცხადებაზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება.
“მთელი დღეა რომის პაპის ნათქვამი ტრიალებს ფბ.ზე და არის უამრავი ლანძღვა და ათასი უბედურება. პაპის პაპობაზე არაფერს ვამბობ. ათასი წელია გარკვეულია ეგ საკითხი…
უბრალოდ, ვკითხულობ მართლმადიდებელი მორწმუნეების კომენტარებს და მახსენდება ერთი ძველი საბჭოთა გამონათქვამი _ ,,სსრკ-ში სექსი არ არის”
ნეტა, როგორ წარმოუდგენიათ ეს ამბავი მართლმადიდებლების ნაწილს? განა ბიბლია ასე არ იწყება, რომ უფალმა მამაკაცად და დედაკაცად რომ შექმნა ადამიანი. გგონიათ, მერე გადაკეთდა ფიზიკურად? თუ სექსი მარტო გამრავლებისთვისაა, მაშინ რატომ არის მრავალი ქრისტიანული ოჯახი უშვილოდ? თუ ასე იქნებოდა ყველა აქტს შვილი უნდა მოყვებოდეს, ბუნებრივია. ან თუ ეკლესია და ქრისტიანობა გაკიცხავს ასეთ ქმედებას, რომ სიამოვნებას არ განიცდიდეს ამ დროს ადამის მოდგმა, როგორ წარმოგიდგენიათ, ამის შემდეგ როგორ უნდა იქცეოდეს ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი?
ეკლესიაში მრავალ მამას აქვს ამ თემაზე მიძღვნილი, სწორედ მართლმადიდებლური ხედვებიდან გამომდინარე ნაშრომები სადაც არანაირი წინააღმდეგობა არაა აზრთა შორის და ერთიანად მიიჩნევენ, რომ სექსი ღვთის ჯილდოა ცოლ-ქმრისთვის და საწოლი შეუგინებელი.
რასაკვირველია, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჯვრისწერის შემდეგ”, _ წერს დეკანოზი.
ცნობისთვის, რომის პაპმა რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ თანამდროვე კათოლიკური ეკლესია სექსისგან სიამოვნების მიღებას არ კიცხავს, ხოლო წარსულში ამ საკითხის არასწორმა გააზრებამ კათოლიკურ ეკლესიას დიდი ზიანი მიაყენა.
ამის შესახებ რომის პაპმა იტალიელ მწერალსა და საზოგადოებრივ მოღვაწეს, კარლო პეტრინის განუცხადა.
„სიამოვნება უშუალოდ ღმერთისგან მოდის. სიამოვნება არ არის კათოლიკური ან ქრისტიანული ცნება. სიამოვნება უბრალოდ ღვთაებრივია“, – განაცხადა ფრანცისკემ.
რომის პაპის აზრით, ადამიანს საჭმელი იმიტომ სჭირდება, რომ ჯანმრთელი იყოს, ხოლო სექსუალური სიამოვნება სიყვარულს უფრო ლამაზს ხდის და ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას უზრუნველყოფს.
„კათოლიკური ეკლესია ყოველთვის გმობდა არაადამიანურ, უხეშ და უხამს სიამოვნებას, თუმცა უბრალო, ადამიანური და ზნეობრივი სიამოვნება ყოველთვის მისაღები იყო. გადაჭარბებული მორალი, რომელიც გრძნობებს უარყოფს, ქრისტიანული გზავნილის არასწორი გაგებაა“, – დასძინა რომის პაპმა.