მიმდინარე ახალი სასწავლო წელი საიუბილეოა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიისთვის _ მეოთხედი საუკუნის წინ, 1996 წლის 15 ივნისს, ხელი მოეწერა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის დაარსების დოკუმენტს.
როგორც სასწავლებლის რექტორის მოადგილე, ლევან გიორგაძე ამბობს, საიუბილეო სამოქმედო გეგმა მზად აქვთ, თუმცა, მისი გახორციელება არსებითად დამოკიდებულია შექმნილ ეპიდვითარებაზე:
“იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებთ ძველი და ახალი გიმნაზიელები სრულფასოვნად წარვდგეთ საზოგადოების წინაშე.
25 წელი სტატისტიკისთვის შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ ცოტაც არ გახლავთ იმ გადასახედიდან, საიდანაც მოგვიწია დაძვრა და თითქმის უიმედო სიტუაციიდან დღემდე მოვედით”, _ ამბობს გიორგაძე.
ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიამ სწავლა, ტრადიციისამებრ, 14 სექტემბერს დაიწყო და როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, აქაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პროცესი. თუმცა, როგორც ლევან გიორგაძე ამბობს, გიმნაზიას, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსით მოუხდა ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება:
“ახალ სასწავლო წელს, როგორც ყველა, გიმნაზიაც მზადყოფნით შეხვდა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების ზედმიწევნად შესრულება ვალდებულებაცაა და აუცილებლობაც. მოსწავლეებმა სასწავლო დრო უსაფრთხო გარემოში უნდა გაატარონ. ჯანმრთელობის და ვითარების პრევენციის გამო, მართალია, მთელი რიგი შეზღუდვები გვექნება სკოლებში, თუმცა მათი დაცვა და შესრულება გარდაუვალია.
ამასთანავე სკოლა მზადყოფნაში შეხვდება მოვლენების ყველაზე არასასურველ განვითარებას _ მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას. ძალიან მალე შევიძენთ ლიცენზირებულ პორტალს, რომლითაც შეუფერხებლად მოვახერხებთ გიმნაზიის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან დისტანციურ კომუნიკაციას.
ვფიქრობთ, წელსვე გადავიდეთ ელექტრონული ჟურნალების წარმოებაზეც (მომავალი წლიდან ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო იქნება ყველა სკოლისთვის), რომლისთვისაც თვალყურის დევნების საშუალება მშობლებსაც ექნებათ, მათ მიუვათ სატელეფონო შეტყობინება მისი შვილის აკადემიური მდგომარეობის შესახებ, სმს-ები მიუვათ მეილებზეც.
გიმნაზიამ, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსებით (რომლითაც ნამდვილად არ ვართ დალხინებული, მეტიც, სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე ვდგავართ) უზრუნველყო ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება. ცუდი არ იქნებოდა, რომ ვინმე დაინტერესებულიყო და დახმარება გაეწია ჩვენთვის.
არის საკითხები, რომელთა ნაწილს პირადად ვეთანხმები, თუმცა, არასასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს ჩვენთვის. ვგულისხმობ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მიდგომას კერძო და საჯარო სკოლების მიმართ, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები ასეთ დროს, გლობალური პანდემიის პერიოდში დიფერენცირებას.
კერძო სექტორში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება და პანდემიისგან დაცვა სახელმწიფოს ვალია! ეს ბავშვები ამ ქვეყნის მცხოვრებლები არიან! მათი მშობლები გადასახადებს იხდიან ქვეყნის ბიუჯეტში, რომლიდანაც ფინანსდება ყველა სასკოლო პროგრამა. მაშინ რა გამოდის? კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი ფულს იხდის იმაში, რომ ყველა პირველკლასელს, გარდა მისი შვილისა, დაურიგდეს კომპიუტერი; ყველა წარჩინებულმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა მიიღოს “ჩემი პირველი კომპიუტერი”, გარდა მისი შვილისა; ყველას დაურიგეეს სასკოლო სახელმძღვანელოები (მეორე წელია კერძო სკოლების მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ურიგდებათ სახელმძღვანელოები) და არა მათ შვილებს და რითიც დავიწყე, იქ დავბრუნდები: სადეზინფექციო მარაგების შევსება დიდ თანხებს მოითხოვს! მინდა ყველა ქველმოქმედს გადავუხადო მადლობა, ვისაც სურვილი გასჩენია და კვლავ გაუჩნდება, რომ კეთილი საქმის კეთებაში მხარში დაგვიდგეს და დახმარება გაგვიწიოს”, _ ამბობს ლევან გიორგაძე.
დღეისთვის ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიაში 230-მდე მოსწავლე სწავლობს და როგორც რექტორის მოადგილე ამბობს, აქაური ბავშვები ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ:
“ტრადიციულად, ჩვენი ბავშვები აქტიური, წარმატებული და საინტერესოები არიან. ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სტუდენტი ხდება და წარმატებული კარიერისთვის და ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ და მიზანსაც აღწევენ. გამონაკლისები არც 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები იყვნენ _ გვყავს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი. ასევე, სამი მათგანი სახელმწიფო დაფინანსებით, 70%-იანი გრანტით ისწავლიან. გიმნაზიელთა პირველი თაობები უკვე მშობლებად გვიბრუნდებიან სკოლაში და თავიანთი შვილების აღზრდას ისევ ჩვენ გვანდობენ”, _ ამბობს გიორგაძე, რომლის სიტყვები სასულიერო გიმნაზიის პედაგოგიურ კოლექტივზე საუბრისას ასეთია: “ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!”, გიმნაზიაში კი 32 პედაგოგი ემსახურება მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს:
“დიდი გამოცდილება, უამრავი პროფესიული წარმატება და ახალგაზრდული შემართება, აქ მარტო ახალბედებს არ ვგულისხმობ, ერთად იყრის თავს ჩვენთან და ურთიერთთანადგომით ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. მაშინ, როცა შენი კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა სკოლებიდან უფრო მეტს იღებენ გასამრჯელოდ (საბედნიეროდ, წელს სახელფასო თამასა გიმნაზიაშიც აიწია).
რთულია, გულდადებულმა იმუშაო, კონცენტრაცია შეინარჩუნო, გული არ აგიცრუვდეს საქმეზე, მაგრამ გიმნაზიის მასწავლებლებმა არ უღალატეს უპირველეს მოვალეობას _ ბავშვის აღზრდას! რამდენიმე წავიდა სკოლიდან, რამდენიმემ სხვა სკოლაში შეითავსა სამსახური (არც ეს არის უცხო პედაგოგიური სამყაროსთვის). ჩვენ ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. თუმცა, ამით არ დასუსტებულა კოლექტივი _ შევსებაც მივიღეთ საინტერესო ახალგაზრდების სახით.
მინდა ყველა ჩემს მასწავლებელს, მეგობარს დიდი მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, საქმის ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და კარგი მეგობრობისთვის _ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!” _ დასძენს სასწავლებლის რექტორის მოადგილე.