სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განუცხადა.
„რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 684 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 91-ზე დადებითი პასუხია. აქედან 33 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხვვის კონტაქტები არიან, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.
შპს ფოთის ტექსტილში გახორციელდა პერსონალის გატესტვა, გუშინ გაიტესტა 400 თანამშრომელი, მათგან 56 დადებითია, ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში, რომელიც კლინიკა ევექსის მედპერსონალია, მიმდინარეობს კონტაქტის მოძიება. ასევე, ერთი შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 14 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა ოთხი პაციენტი, მათგან ორი გურიის რეგიონიდან არის, ერთი ფოთის მაცხოვრებელია და ერთი აჭარის რეგიონიდანაა.
რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ორი ჩხოროწყუს მაცხოვრებელია, ექვსი ზუგდიდელია და ორი ხობის მაცხოვრებელია. რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში 137 ადამიანი იმყოფება“, – განაცხადა თორიამ.