იმერეთში კოვიდინფიცირებულების მართვაში 12 კლინიკაა ჩართული, _ ეს ინფორმაცია დღეს მხარის რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ქუთაისში ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაზე გააჟღერა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მინისტრმა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების დაცვასა და ინფიცირებულების სწორად მართვის პროცესზე იმსჯელა. ასევე, ყურადღება გაამახვილა არსებულ ხარვეზებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის თითოეული საკითხის გადაჭრაში მყისიერად ჩაერთოს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონულ ჭრილში კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა და უწყვეტი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან სამინისტროს გააჩნია კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული რეგიონის გაძლიერება იმ საჭიროებების მიხედვით რაც შეხვედრებზე იკვეთება.
,,იმერეთის მასშტაბით, მთლიანად 12 კლინიკაა ჩართული კოვიდინფიცირებულების მართვაში. შესაბამისად, გვქონდა შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან და იმ ხარვეზებზე ვიმსჯელეთ, რაც ამ ეტაპზეა. ასევე, გვქონდა აქცენტირება, რომ მთლიანად ჩვენმა თანამოქალაქეებმა, როგორც სადიაგნოსტიკო ნაწილში ასევე კლინიკურ ნაწილშიც, მიიღონ ის მომსახურება, რაც მათი ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთის რეგიონში კოვიდინფიცირებულების მართვაში ამ ეტაპზე ჩართულია 12 კლინიკა, კოვიდ სასტუმროები, ასევე, უსიმპტომო პაციენტები ექიმების მეთვალყურეობით ბინაზე მკურნალობენ.