ედვარდ კალანდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მშენებარე ეკლესიის სიახლოვეს ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები 85 წლის მამაკაცს სთხოვენ საცხოვრებლად მათთან, ქალაქში გადავიდეს, ბატონი ედვარდი არ თანხმდება _ ის გვეუბნება, რომ მშობლიურ კუთხეს ვერ მიატოვებს.
ჩვენი ასაკოვანი რესპონდენტი მხნედ გამოიყურება, მაგრამ ვერ ახერხებს გაჩუმებას სატკივარზე, რომელიც წლებია, აწუხებს.
მისი პრობლემა ძლიერი წვიმის დროს ეზოს დატბორვაა და როგორც გვიყვება, ადიდებული წყალი, რომელიც გზას მიჰყვება, რადგან სანიაღვრე არხებში გასვლას ვერ ახერხებს, მის ეზოში ჩადის. ეტბორება ბოსტანი, ერთხელ სარდაფიც დატბორვია და, როგორც გვითხრეს, წყლის ამოტუმბვაში მეზობლები დაეხმარნენ.
“მარტო ცხოვრება რთულია, მაგრამ აქ ისე ვარ მიჩვეული, ქალაქში წასვლა არ მინდა. არსად არ წავალ, აქაურობას ვერ მოვშორდები. ვაშლი მაქვს, მსხალი მაქვს, ყველა სახის ხილი მაქვს ეზოში. წიწილებს ვზრდი, თავს ვიქცევ, მაგრამ ამ ღვარმა შემაწუხა და მეც სხვას ვაწუხებ. წყალი ნუ ჩამომივა _ ამას ვითხოვ”, _ გვეუბნება ედვარდ კალანდაძე.
მისი თქმით, ძლიერი წვიმის დროს გზიდან მოდის ღვარი და ეზოს ტბორავს: “ყოველი ძლიერი წვიმის დროს გამწარებული ვარ. წყალი მოდის ზემოდან, მოყვება მანქანის კვალს. სანიაღვრე ფილები ჩადგეს, მაგრამ არ ჩადის წყალი იქ, გზაზე გადმოდის და ჩემს ეზოში ჩამოდის. ცოტა ხნის წინ ისეთი წვიმა მოვიდა, წყალი სარდაფში შევიდა. მეზობლები დამეხმარნენ და გავწმინდეთ.
წვიმის დროს რომ მოხვიდეთ, ნახავთ, რომ ავტომობილები ტალახს ჭიშკარს ასხამენ. მეორე წელია, რაც ჩოხატაურის მერს გაკეთებას ვთხოვ. მერის არჩევნების პერიოდი იყო, როცა ირაკლი კუჭავა ვნახე და ჩემი პრობლემის შესახებ ვუამბე. მან მითხრა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ დამეხმარებოდა. დაპირება დაპირებად რომ დარჩა, მივედი და წერილობით ვთხოვე ბატონ მერს დახმარება.
განცხადების პასუხად მივიღე წერილობით გზავნილი, რომელიც ფოსტით მოვიდა და წერია:
“თქვენი 2019 წლის 10 ოქტომბრის #7653 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენი განცხადება განხილულია. აღნიშნული საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით მუნიციპალიტეტი გამოყოფს კომისიას, რის შემდეგაც მიღებული იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება”.
ამის მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ მომხდარა. აღარავინ მოსულა. ჰესის მშენებლობის დასრულებას და გზის გაკეთებას ელოდებიან, მაგრამ მანამდე, იქნებ, წყალმა წამიღოს ან აღარ ვიყო ცოცხალი.
ის მწყინს, რომ ამ ხნის კაცი მივედი და ელემენტარული ყურადღება ხომ უნდა მომაქციოს? ან მითხრას, რომ ვერ აკეთებს. ვერ მოიცალა თუ ტექნიკა არ აქვს?”
ცნობისთვის, გზის ის მონაკვეთი, რომელზეც ბატონი ედვარდის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, იმ მანქანების გადაადგილების მარშრუტია, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე ყოველდღე დადიან.
როგორც ცოტა ხნის წინ “გურია ნიუსი” წერდა, მოსახლეობა გზის გაკეთებას ითხოვს, რადგან ეშინიათ, რომ ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელი კომპანია შეთანხმებას დაარღვევს.
მოსახლეობასა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დადებული მემორანდუმის მიხედვით კი გზა, რომელიც მანქანების გადაადგილების შედეგად გაფუჭდა, მშენებლობის დასრულების შემდეგ კაპიტალურად უნდა გაკეთდეს.
ბატონი ედვარდის თქმით, ამ ეტაპზე გზის გაუკეთებლობის მიზეზად ის სახელდება, რომ გზის მოწესრიგების შემთხვევაში, ჰესის მშენებლობაზე მიმავალი მანქანების გადაადგილება გზას ისევ დააზიანებს:
“მითხრეს, რომ ახლა გზა რომ გავაკეთოთ, დიდი მანქანები მაინც გააფუჭებსო. ვიდრე ჩემს სახლამდე მოვლენ, სადაც გადაადგილდებიან ეს სამშენებლო მანქანები, იქ თუ არ ჩავარდა გზა, აქ რატომ ჩავარდება მაინცდამაინც? ასფალტს არ ვითხოვ _ მდინარე ნუ ჩამომივა ეზოში”, _ გვეუბნება ედვარდ კალანდაძე.
ბატონი ედვარდის პრობლემის შესახებ სასაუბროდ ჩვენ დაკავშირება მუნიციპალიტეტის მერთან ვცადეთ, თუმცა, პრესსამსახურმა თემში ახლადდანიშნულ მერის წარმომადგენელთან, ზურაბ მათითაიშვილთან გადაგვამისამართა.
ცნობისთვის, “გურია ნიუსმა” ხიდისთავში არსებულ გზის ამ მონაკვეთის შესახებ პასუხის მიღება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისგან ადრეც სცადა, მაგრამ ირაკლი კუჭავამ არც სატელეფონო ზარზე და არც სმს შეტყობინებაზე არ გვიპასუხა.
მერის პრესსამსახურის თქმით კი, ირაკლი კუჭავა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ჯერ არ აპირებს. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი კითხვაზე _ თუ როდის იგეგმება გზის მოწესრიგება აღნიშნულ მონაკვეთზე, ვერ მივიღეთ.
სოფელ ხიდისთავში მერის წარმომადგენლის ზურაბ მათითაიშვილის თქმით, ბატონი ედვარდის პრობლემა იქამდე ვერ მოგვარდება, ვიდრე ჰესის მშენებლობა არ დასრულდება, რადგან პრობლემის გადასაჭრელად გზის კაპიტალურად გაკეთება და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაა საჭირო:
“სოფელს აქვს გაფორმებული ჰესთან მემორანდუმი, მემორანდუმის თანახმად, ჰესი ვალდებულია, უახლოეს ხანებში, როცა დასრულდება მშენებლობა, კაპიტალურად გააკეთოს გზა თავისი სანიაღვარე არხით და ყველაფრით. ადრე გავაკეთეთ სანიაღვრე, მაგრამ მაინც არ იმუშავა რადგან უნდა კაპიტალურად გაკეთება და ამას გააკეთებს ჰესის მეპატრონეები, იმიტომ რომ ამ მანქანებმა დააზიანეს გზა. ამიტომ ვართ გაჩერებულები და ეს ბატონ ედვარდსაც ავუხსენით.
ამ მემორანდუმის თანახმად, სოფელს აქვს ვალდებულებები ჰესთან მიმართებაში, ველოდებით მშენებლობის დასრულებას და ეს პრობლემაც გადაჭრილი იქნება. ეს პრობლემა მთლიანობაში უნდა მოწესრიგდეს და ჰესი ამაზე თანახმაა და გააკეთებს, როგორც კი დასრულდება მშენებლობა”, _ გვითხრა მათითაიშვილმა.
მისი თქმით, ჰესის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს:
როგორც მათითაიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, მერია ედვარდ კალანდაძის საცხოვრებელი სახლის ირგვლივ არსებულ პრობლემას ადგილზე გაეცნობა და თუ შესაძლებელი იქნება, ჰესის დასრულებამდე საკუთარი ძალებით დაეხმარება:
“გავეცნობით ადგილზე სიტუაციას და თუ რამე ჩვენი ძალებით იქნება შესაძლებელი, დავეხმარებით, მაგრამ ეს იქნება დროებით გაკეთებული”, _ თქვა ზურაბ მათითაიშვილმა.