ქალთა საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთი’’ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ კარიერის განმავლობაში მსგავსი სიხარული არ განუცდია.
„ ჯერ კიდე არ ვარ გამოსული ემოციებიდან, თამამად შემილია ვთქვა, რომ ასეთი სიხარული ჩემი კარიერის მანძილზე არ განმიცდია…
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, საკმაოდ რთული მატჩი გამოვიდა, რასაც ველოდით კიდეც. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩეოდა.
მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ორთაბრძოლების მოგება გვიჭირდა…
მე-5 წუთზე, როცა მეტოქის ფეხბურთელმა დაახლოებით მე-40 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და გოლიც გაგვიტანა, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ჩვენთვის შოკი იყო. თუმცა, ჩვენმა გოგონებმა სწრაფად შეძლეს ძალების მობილიზება. დაახლოებით 15 წუთში მივხვდით, რომ თუ ბურთს მოედნის ცენტრში ჩვენ გავაკონტროლებდით, უპირატესობასაც მოვიპოვებდით და ასეც მოვახერხეთ.
საოცრად ითამაშა დაცვის ხაზმა. კედელივით იდგენენ და ზუსტად ისე მოქმედებდნენ, რა დავალებაც ჰქონდათ. შემტევებმა კი აგრესიულად შეუტიეს და მომენტს მომენტზე ვქმნიდით, თუმცა გოლი გვაკლდა, რაზეც ვმუშაობდით მთელი სეზონი. ამან კი შედეგი გამოიღო. ეს არის სტანდარტული, ლანჩხუთის ხელწერა. 120 წუთში ორი კუთხური მოვაწოდეთ და ორივე გოლად ვაქციეთ — ჭყონია იქ ხვდებოდა ბურთს, სადაც უნდა ყოფილიყო.
120 წუთი ტოლი არ დავუდეთ ჩვენზე ძლიერ მოწინააღმდეგეს.
ჩვენ ეს თამაში შემთხვევით არ მოგვიგია, დამსახურებულად მოვიგეთ. ორი გოლის გარდა, კიდევ გვქოდა ასპროცენტიანი მომენტები, თუმცა ხან სიზუსტე გვაკლდა, ხან მეკარე თამაშობდა კარგად.
დამეთანხმებით, რომ 120 წუთიან თამაშს შემთხვევით ვერ მოიგებ, ეს ჩემმა ამორძალებმა შეძლეს. მე ვამაყობ რომ ამ გოგოების მწვრთნელი ვარ!
სასწაული გრძნობაა. ერთმანეთს ვეხვეოდით. ვინ რას ყვიროდა და ვინ რას მღეროდა არც ვიცი…
ჩვენ ისტორია დავწერეთ!
ამ წუთებისთვის ცხოვრება ღირდა!’’-ამბობს ლანჩუთელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩაიძე.
ია ალელიშვილი ერთ-ერთია, ვინაც წვლილი შეიტანა გურული ქალი ფებურთელების მიერ ამ ისტორიის დაწერაში. ამბობს, რომ ამაყი და ბედნიერია, რომ თავადაც იმ გუნდის ნაწილია- ,,ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! ამაყი ვარ, რომ არსებობს ეს გუნდი და მე ამ გუნდში ვთამაშობ. გუნდი, რომელმაც ისტორია დაწერა უკვე მეორედ.
საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა ფაქტი, რომ ქართული კლუბი გავიდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში. ვულოცავ ამ დიდ წარმატებას მთლიანად საქართველოს.
ძალიან ბედნიერი ვარ. მიჭირს სიტყვებით გადმოვცე ის ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მარტივი ნამდვილად არ იყო, მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, აღსანიშვანია, რომ ჰყავდათ დამატებული ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. ჩვენ მოგეხსენებათ დამატების უფლება არ გვქონდა.
120 წუთი ვითამაშეთ შეცვლის გარეშე, რაც ძალიაან რთულია და დამეთანხმება ყველა ადამიანი, ვინც იცის ფეხბურთი.
ვიბრძოლეთ! გუნდმა საუკეთესოდ ვითამაშეთ!
დაგვირგვინება იყო იმ ყველაფრის, რასაც ვშრომობდით ვარჯიშებზე და შედეგიც გამოიღო.
გილოცავთ, გურულებო! გილოცავთ საქართველო ! ჩვენ გავიმარჯვეთ!’’
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების შემდეგ საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს კლუბის გოგონები გვიზიარებენ:
ნინი ჩხარტიშვილი- ,,გასვლითი თამაში გვქონდა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი. შანსები იყო 50/50-ზე. ჩვენ მომზადებასთან ერთად, რწმენაც გვქონდა, რომ მოვიგებდით. პირველ წუთებზე გაგვივიდა გოლი და მთელი პირველი ტაიმი ვაგებდით, შემდეგ ძალიან მოვინდომეთ და შემოვატრიალეთ ანგარიში, თამაში 2:1 მოვიგეთ. ბოლო წუთამდე მთელი გუნდი თავდაუზოგავად ვიბრძოდით.
ისტორია დავწერეთ, ჯერ არ ყოფილა იმის პრეცენდენტი, რომ ქართული გუნდი გასულიყოს საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩვენ ეს შევძელით, მოვიგეთ. ძალიან გახარებულები ვართ. ველოდით ამ გამარჯვებას, კარგად ვიყავით მომზადებული. ყველა სირთულესთან ერთად, პრობლემა იყო კლიმატი, მატჩის წინა დღეს ჩამოვედით აქ და აქაურ კლიმატთან შეგუება, ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა, ვერანაირმა დაბროლებამ ვერ შეგვაჩერა’’.
ნინი გუჯაბიძე- ,,რა თქმა უნდა დაძაბული მატჩი იყო . გოლი პირველ 5 წუთში გაგვიტანეს, მაგრამ ამას არ შევუშინებივართ არც ერთი ჩვენგანი. ამ თამაშისთვის ბოლო რამოდენიმე დღე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით, რომ ჩვენი შესაძლებლობები დაგვემტკიცებინა.
როგორც ხდება ხოლმე, თავდაუზოგავი შრომა ბოლოს შედეგს გამოიღებს. იცით რა მაღალი ტემპი იყო თამაშის მიმდინარეობისას? და რა ტემპითაც დავიწყეთ თამაში, იმ ტემპით დავამთავრეთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ძალიან დავიღალეთ და ძალაც გამოგვეცალა.
ჩვენ გვწამდა საკუთარი თავის, ერთმანეთის და დარწმუნებულნი ვიყავით, რომ შედეგს დავდებდით. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ისტორია დავწერეთ!
წარმოუდგენლად ბედნიერი ვართ ყოველი ჩვენთაგაანი. აქვე ვისარგებლეებ და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს გულშემატკივრებს, მადლობა რომ ჩვენი შესაძლებლობების დაიჯერეთ და ბოლო წუთამდე გვაძლევდიით ძალას და მოტივაციას!’’
მარიამ კალანდაძე: ,,ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ… ახლა ჩამოვფრინდით და ვერ ვიაზრებ რა ხდება? სად ვიყავი? და რა გავაკეთეთ? მაგრამ შემდეგ სოციალურ ქსელში, რომ შევედი დავრწმუნდე, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა…
ყველაფერი ისე მიდიოდა ეს ბოლო პერიოდი, რომ სხვა შედეგი არც უნდა ყოფილიყო… ძალიან გახარებულები ვართ … ყველამ ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშში, ყველა ბოლომდე დაიცალა, ზღვა ემოციებია და ერთმანეთის ასჯერ მეტად გვჯერა. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ეს დღეს სტადიონზე დავამტკიცეთ 1-0 ვაგებდით, მაგრამ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმდენად გვჯეროდა, რომ თამაში შემოვატრიალეთ… იქ არ იყო თამაში, იქ იყო ბრძოლის ველი და ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ.’’
სოციალური ქსელი აფეთქებულია ჩვენი გოგონების წარმატებით. მათი თანაგუნდელი ნათია წოწერია კი ასე მიმართავს საზოგადოებას: ,, ხალხნო, გაიცანით ეს უმაგრესი ხალხიი!
ეს ჩემი გუნდია ქსკ ,,ლანჩხუთი’’… მათ ეს შეძლეს, მათ ისტორია დაწერეს.
მათ მე ოცნება ამისრულეს და ძალიან დიდი მადლობა ყველას!
ლოცავთ, ჩემო გოგოებო და წარმატებებს გისურვებთ სულ!
გულით და სულით თქვენთან ვიყავი!
როგორც თქვენ, ასევე მე განვიცადე ეს გრძნობა, ეს სიხარული, ეს ბედნიერება თქვენ ხართ უმაგრესი გოგოები!’’
ნაღვლიანი იყო ქვეყნის საუკეთესო თავდამსხმელის ხატია ჭყონიას პასუხი კითხვაზე, თუ ვის მიუძღვნა მან გოლები: ,, ჩემს ყველა გოლს ვუძღვი ჩემს 5 წლის დისშვილს ტატა ცეცხლაძეს, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა’’.