ახლახან, გამოვლინდა გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის – “ზამთარი მოდის” – გამარჯვებულები.
კონკურსი წელს მესამედ ჩატარდა, რომელიც მხოლოდ სტუდენტთა მონაწილეობისთვის იყო განსაზღვრული.
კონკურსში ოზურგეთელმა ირიშკა ქავჟარაძემ მეორე ადგილი დაიმსახურა ლექსით: „ფიფქები მატარებელში“.
რჩეულიშვილის კონკურსი მაღალი დონისაა და აქ გამარჯვება გამორჩეულ ნიჭს და შესაძლებლობებს მოითხოვს.
ახლა, როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, ქვეყანაში არსებული ეპიდემოლოგიური სიტუაციის გამო, დაჯილდოება არ გაიმართება. რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სოციალური ქსელით. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, კონკურსის ორგანიზატორები და გამომცემლობების წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს.
ირიშკა ქავჟარაძემ გასულ წელს დაამთავრა ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა და რესპუბლიკაში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საზოგადოება დიდი ხანია, კარგად იცნობს უნიჭიერეს გოგონას, რომლის პოეტური კალამი „საზღვრებს გადასცდა ფრენით“ და მას დიდ მომავალს უწინასწრამეტყველებენ.
„გურია ნიუსი“ კვლავ მრავალ წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტს!