მოხალისე ახალგაზრდებს შორის, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, კოვიდინფექცია გადატანილ პაციენტებს დახმარებოდნენ და რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში სანიტრის პოზიციაზე ემუშავათ, ლანჩხუთელი მარიტა გიგინეიშვილიცაა.
რუსთავის ცენტრალურმა საავადმყოფომ საკუთარი ფეისბუქგვერდის საშუალებით მიმართვა მოხალისეების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, რასაც წინ მედპერსონალის დაინფიცირება უძღოდა.
აღმოჩნდა, რომ კლინიკის ამ მიმართვას სხვადასხვა პროფესიის მქონე არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და კოვიდკლინიკაში მოხალისე სანიტრად მუშაობის სურვილი გამოთქვა. ერთ-ერთი მათგანია მარიტა გიგინეიშვილი, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, ამირან გიგინეიშვილის ქალიშვილია.
როგორც ლანჩხუთელი მოხალისე სანიტარი ამბობს, არანაირი გამოცდილება არ აქვს სამედიცინო კუთხით, თუმცა, ისეთი ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებული, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა. ამიტომაც სჯერა, რომ გამოუვა სხვათა დახმარება.