„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 23 იანვარს მას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და მისთვის ამის მიზეზი გაურკვეველია. საკუთარ ფეისბუკგვერდზე უგულავა წერს, რომ საქართველო „პუტინის რუსეთს“ დაემსგავსა.
“შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია. ნინო ლომჯარია ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“,_ დაწერა უგულავამ.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
“შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.
პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.
ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი”,_ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.