“ჩვენ საშიშ ახალ სამყაროში შევაბიჯეთ ან, იქნებ, პირიქით _ ძველ სამყაროში ვბრუნდებით, რომელშიც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ?“ _ სვამს კითხვას რიჩარდ კონიფი, რომელიც ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის ისტორიაზე მუშაობს პრინსტონის უნივერსიტეტისთვის. მისი თქმით, დღეს მიღებული გაკვეთლები სულ უნდა გვახსოვდეს, როცა ეს პანდემია ჩაივლის, რადგან სულაც არაა გამორიცხული, დედამიწაზე მორიგი, დამაქცევარი პანდემიის ანგელოზი უკვე შლიდეს ფრთებს. მაგრამ, მანამდე, კაცობრიობას ჩვენს ქვეყნებში, ოჯახებში, საფულეში, მაცივარში, ფილტვებში მოკალათებული უკვე ფრთაგაშლილი პანდემია ჰყავს დასამარცხებელი, რეალობა _ დასათვლელი, მომხდარი – გასაანალიზებელი.
ყველა თანხმდება, რომ კორონავირუსის (COVID-19) პანდემია რთული გამოწვევა აღმოჩნდა მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის, და შესაბამისად _ გლობალური ეკონომიკისთვისაც. ინფიცირებულთა სწრაფად მზარდმა რაოდენობამ და ვირუსის გავრცელების ფართო არეალმა 2019 წლის მიწურულს, ვუჰანში გაჩენილი ვირუსი სულ რამდენიმე თვეში პანდემიად აქცია. მსოფლიო ეკონომიკაზე COVID-19-ის ნეგატიური ეფექტი ახლა უკვე შეუქცევადი მოცემულობაა. თუმცა, კითხვები COVID-19-ის ზეგავლენის მასშტაბსა და ხარისხზე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. და თუ ამ კითხვებს პასუხები არ გაეცემა, შეუძლებელია ვისაუბროთ როდის დაუბრუნდება დედამიწა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც ეკონომიკის გულისცემის შესატყვისია.
2020 წლის მარტის დასაწყისიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა კოვიდ-19-ით დაზარალებული ეკონომიკებისთვის პროგნოზების შედგენა და გამოქვეყნება დაიწყეს. პირველი ანგარიშები საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინებით გამოირჩეოდა. თუმცა, ვირუსის გავრცელების პარალელურად, პროგნოზები გაუარესდა, ყველაზე მეტად _ საქონლის ექსპორტისა და ტურიზმის სექტორში.
ტრაგიკულდ შთამბეჭდავია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები გლობალურ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის შესახებ; აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია, რომ პანდემიამ 77$ (0.08% მშპ) მილიარდიდან 347$ მილიარდამდე (0.4% მშპ) ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას.
გაეროს მიერ შემოთავაზებული უკანასკნელი ანალიზით კი, COVID-19-ის პირველი ტალღის შემდგომ, გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2.5%-მდე შემცირდა, მიყენებული ზარალი კი დაახლოებით ტრილიონ დოლარს აღწევს. უფრო ცუდ შემთხვევაში, ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.
საქართველოსთვის, კოვიდ-19-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი ჩვენ თვალწინ გადაიზარდა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისად: გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, უმუშევრობის ზრდა, სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება… _ ეს ის ხილული ეკონომიკური ეფექტებია, რომელთა შედეგებს საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ეჩეხება. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ამას ვერ გაუმკლავდა, ბევრი არაადეკვატური გადაწვეტილებები მიიღო და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის ძირითად დარგებში უმძმესი ვითარება შეიქმნა.
საქართველოს ეკონომიკა, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, ძალიან მგრძნობიარეა საგარეო შოკების მიმართ; რადგან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლებზე, ვაჭრობაზე, ინვესტიციებსა და ფულად გზავნილებზე, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მსოფლიო პანდემიის გლობალურ ეკონომიკურ შედეგებს.
საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, ჯერ კიდევ პანდემიის გავრცელებამდე გამოირჩეოდა მაღალი მერყეობით. კოვიდ-19-ის ეფექტმა მისი პოზიციები საგრძნობლად შეასუსტა. 2020 წელს, ლარი რეკორდულად გაუფასურდა, რასაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხოური სავალუტო რეზერვების გაყიდვის რამდენიმე ტალღით უპასუხა, რათა ეროვნული ვალუტის სტაბილიზებას დახმარებოდა. უკვე 2020 წლის ივლისის ბოლოსთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს ასცდა.
კოვიდ პანდემიამ სერიზულად დააზარალა ტურიზმის ინდუსტრია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, საერთაშორისო ტურიზმი, დაახლოებით, 80%-ით შემცირდა 2020 წელს და მის აღდგენას არც წელს უნდა ველოდოთ. მსგავს ვარაუდებს გამოთქვამს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ტურიზმის 70%-ით შემცირებას ვარაუდობს და უწინდელ მაჩვენებლებთან დაბრუნებას მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ პროგნოზირებს. ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმის წილი მნიშვნელოვანია, ზარალი კიდევ უფრო დიდი იქნება.
ბოლო წლებში ტურიზმი საერთაშორისო შემოსულობების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო გახდა საქართველოსთვის. ამ სექტორის წილი მშპ-ში თითქმის 11%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების სრულად ჩავარდნის გამო, გასული წლის წლის მეორე კვარტალში, ზარალი მინიმუმ 2 მილიარდი ლარი იყო. საერთაშორისო ტურისტების კლება 2020 წლის თებერვალში დაიწყო (-0.7%), მკვეთრი კლება იყო მარტსა (-62.3%) და აპრილში (-94.5%), რაც დაკეტილი საზღვრების და შეჩერებული ფრენების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა. ტენდენცია მაისსა (-94.6%) და ივნისშიც (-95.5%) გაგრძელდა, რადგან საზღვრები ისევ ჩაკეტილი იყო. ახლაც, გლობალური ტურიზმის კლების პირობებში, არ უნდა ველოდეთ, რომ საერთაშორისო ტურისტების საქართველოში ვიზიტების მაჩვენებელი ძველ, მაღალ დონეებს მალე დაუბრუნდება. ამას ირიბი მულტიპლიკატორის ეფექტი ექნება მომიჯნავე დარგებზე, როგორებიცაა სასტუმროები და რესტორნები (https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf)
პროფესორი ვლადიმერ პაპავა “გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკში შექმნილი სიტუაცია დიდად არ განსხვავდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისგან _ რადგან პანდემია გლობალური ფენომენია, ამიტომ ეკონომიკური კრიზისიც გახდა გლობალური.
“რადგან საქართველოში, პრიორიტეტულ დარგად გამოცხადებული იყო ტურიზმი, ეს საქართველოს ეკონომიკაზე აისახა; გამოჩნდა, რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი დარგი, დაუცველი იყო“, _ ამბობს ვლადიმერ პაპავა და თვლის, რომ მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებულების მიმართულება, საქართველომ, პანდემიის დასრულების შემდეგ, უნდა შეცვალოს.
_ პირველ რიგში, უნდა განვითარდეს მრეწველობა. საქართველოს ყველა ქალაქთან და შედარებით მსხვილ სოფელთან უნდა შეიქმნას აგროსამრეწველო საწარმოები. იქ მოწეული ნედლეულის გადამუშავება უნდა ხდებოდეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მოხდება. თუმცა, ქვეყნის განვითარებისთვის არც ესაა სტრატეგიული. სტრატეგიული ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკაა, რაც მსოფლიოში ყველაზე პრიორიტეტულია, ანუ მეცნიერებატევადი, ცოდნატევადი პროდუქტების წარმოება.
ასეთი პროდუქტები, როგორც წესი, უფრო ძვირიც არის და უფრო მეტი მოგების მომტანიც. მაგრამ ამ ეკონომიკაზე გადასვლა შეუძლებელია, თუ ქვეყანაში არ იქნება განვითარებული მეცნიერება, არ იქნა განვითარებული უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება. აი, ეს სფეროებია გასავითარებელი. მართალია, სწრაფი შედეგი ამ კუთხით ვერ გვექნება, მაგრამ თუ არ დავიწყებთ ქმედებას დღეს, შედეგის დადგომა დროში კიდევ უფრო გადაიწევს, _ მიიჩნევს ლადო პაპავა (ვრცელ ინტერვიუს ბატონ ლადო პაპავასთან, “გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ).
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის მაღალ მოწყვლადობას სპეციალისტები სხვადასხვა ფაქტორებით ხსნიან; მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურით: დარგობრივად ყველაზე დიდი წილი ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე მოდის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონავირუსის პირობებში – საბითუმო და საცალო ვაჭრობა (13.9 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 %), მშენებლობის სექტორი (8.3%) და საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობები (6.1%) (მონაცემები ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებს მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ).
საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობას ეკონომისტი ტატო ხუნდაძე ასე ხსნის: “საქართველოში და სხვა პოსტ-საბჭოათა ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სწრაფ დეინდუსტრიალიზაციას, დასაქმებაში (და არა ეკონომიკაში) სოფლის მეურნეობის წილის ზრდას და სერვისული სექტორების გაძლიერებას. ამ სერვის სექტორებმა შექმნეს სპეციფიური დასაქმების სტრუქტურები, ე.წ. პრეკარიატული დასაქმების ადგილები, არასტაბილური სამსახურები, რომლებიც შოკის მიმართ მაღალი მოწყვლადებით ხასიათდებიან. ეს აჩვენა არა მხოლოდ ახლანდელმა კრიზისმა, არამედ უფრო ადრინდელი კრიზისებიც ამაზე მეტყველებენ. საქართველოში დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ჩვენი საგადამხდელო ბალანსი მეტწილად დამოკიდებული იყო ტურიზმის სექტორზე და საგარეო გადმორიცხვებზე. ამას ემატებოდა ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი (სხვაობა ქვეყნის საერთო ექსპორტსა და იმპორტს შორის), რისი დაბალანსებაც მეტწილად ტურიზმით და საგარეო გადმორიცხვებით ხდებოდა. დღეს კი სახეზე გვაქვს კრიზისების წარმოქმნის დომინოსებური ეფექტი – ტურიზმის კოლაფსმა გაზარდა უმუშევრობა, დაეცა შემოსავლები, შემცირდა მთლიანი შიდა მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდა საბიუჯეტო შემოსავლები“ (“ეკონომიკური პოლიტიკა კრიზისის დროს“ – EMC).
ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი თორნიკე ჩივაძე, EMC-თან ინტერვიუში მიიჩნევს, რომ, სახელმწიფო საგადასახადო სისტემა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად უნდა იქცეს რესურსების მობილიზებისთვის და კოორდინირებისთვის, განუვითარებელია, მეორე სუსტი წერტილი კი განუვითარებელი დასაქმების ბაზრის სტრუქტურაა.
_ სოციალური მიმართულებით, ჩავარდნის მეორე მხარეა ასევე განუვითარებელი დასაქმების ბაზრის სტრუქტურა. კერძოდ, თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებელი, რაც არა მხოლოდ დაბალშემოსავლიანების უზარმაზარ არმიას ქმნის, არამედ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მიღმა ტოვებს ასეთ ადამიანებს და ვნახეთ, რომ სოციალური კრიზისის პირობებში შეიქმნა პრობლემები ამ ადამიანების იდენტიფიცირების მხრივ, _ ამბობს თორნიკე ჩივაძე.
მისი აზრით, ყველფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გასტანს პანდემიური კრიზისი:
_ ანტიკრიზისული გეგმიდან იკვეთება, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული პოლიტიკა მცირე მეურნეობების დაფინანსებაზე არის ორიენტირებული, რაც უფრო სიციალურ მიდგომას წარმოადგენს. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია კრიზისის ხანგრძლივობაზე _ თუ მოკლევადიანი კრიზისი იქნება, მაშინაც მცირე მეურნეობების მხარდაჭერა გაამართლებს, მაგრამ თუ გაგრძელდა კრიზისი, მაშინ მცირე მეურნეობები ვერ გადარჩება და მნიშვნელოვანი იქნება გამსხვილებაზე ორიენტირება. ორივე შემთხვევაში, ბუნდოვანებებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი გეგმარებითი პოლიტიკის გატარება დააზღვევს, რაც შესაძლოა მოხდეს სამინისტროთა შორის არსებული უწყების ჩამოყალიბებით, რასაც ექნება მაღალი ავტორიტეტი და პასუხისმგებელი იქნება განვითარების გეგმების წარმოდგენაზე და მის აღსრულებაზე. ეს საკითხი უკვე დგას, და მნიშვნელოვანია ამ საჭიროების აღიარება და უფრო გამბედავი ნაბიჯების გადადგმა. ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილს რაც შეეხება, აქაც სახელმწიფო მოგვევლინა ცენტრალურ აქტორად. ის იძულებული გახდა ეღიარებინა იმ დაავადების არსებობა, რომელიც კორონავირუსამდე არსებობდა – უმუშევრობის დაავადება. და თუ მანამდე ამ დაავადების მკურნალობა მხოლოდ ბიზნესზე იყო გადაბარებული, დღეს ამ დაავადების მართვაც სახელმწიფომ – სიტუაციური იძულებით – აიღო ხელში. შედეგად, საზოგადოება დაინახავს და იმედია, თითონ სახელმწიფოც გააცნობიერებს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაწყვეტა“, _ მიაჩნია თორნიკე ჩივაძეს.
პანდემიური კრიზისის ხანგრძლივობა, საქართველოს ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა პანდემიის დასრულების პროგნოზი მთლიანად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებზეა დამოკიდებული, – მიაჩნია ლადო პაპავას:
_ ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ეკონომიკური კრიზისი, ერთი მარტივი მიზეზის გამო _ ამ კრიზისის დასრულების მექანიზმი ეკონომიკაში არ არის. ეს კრიზისი უნდა დაასრულონ მედიკოსებმა. სანამ არ იქნება ეფექტიანი ვაქცინაცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მკურნალობის ეფექტიანი საშუალებები, ეს კრიზისი არ დასრულდება, რადგან არ დასრულდება თავად პანდემია, _ ამბობს ლადო პაპავა.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. პროცესის დაჩქარების პირობებშიც კი, ეკონომიკური მდგრადობის მიღწევა და თუნდაც ძველი ნიშნულების აღდგენა ძალიან ძნელი იქნება. გამოსავალი მხოლოდ რაციონალური, გაბედული და სახელმწიფოებრივი ქმედებაა, პირველ რიგში, ქვეყნის მთავრობისგან, საზოგადოებისგან. სწორი ეკონომიკური მექანიზმების შექმნა და ამუშავება აქ და ახლა, მხოლოდ პანდემიური კრიზისის პირობებში კი არაა საჭირო; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ახლა, როცა ვაქცინაცია შესაძლებლობას გვაძლევს ამ რთული, დამღლელი, ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი დავინახოთ, პოსტ პანდემიური რთული ეკონომიკური უღელტეხილები გველოდება. არც დღევანდელი გაკვეთილი არ უნდა დავივიწყოთ, რადგან არავინ იცის, ახალი პანდემიის მრისხანე ანგელოზი როდის გაშლის ფრთებს.