ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენი გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განხზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან, 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მკვლელობის მიზნით ცივი იარაღის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის, შემავალი ჭრილობები გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.