ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩის #118 შენობის შიდა ეზოში, კარგა ხანია, რაც საკანალიზაციო ჭაა დაზიანებული. მართალია, ტერიტორია შიდა ეზოს წარმოადგენს, თუმცა, აქაურობა ხალხმრავლობას ნამდვილად არ უჩივის.
ამ ტერიტორიის მიმდებარედ რამდენიმე მუნიციპალური სამსახური ფუნქციონირებს. მათ შორისაა, ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოც, რომლის სამუშაო ოთახის ფანჯრები სწორედ იმ ქუჩას გადმოჰყურებს, სადაც ზემოთ ნახსენები პრობლემაა შექმნილი. აქვეა კერძო თუ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და ბავშვებიც ხშირად გადაადგილდებიან, რაც მათ უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„დაახლოებით სამი წელი თუ იქნება, რაც ამ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დააგეს. მაშინ არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო ამ საკანალიზაციო ჭიდან ფეკალიები პირდაპირ ქუჩაში იღვრებოდა. ბევრი წვალება და დავი-დარაბა დაგვჭირდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, რომელიც ვიღაცების არაპროფესიონალიზმისა და დილეტანტობის გამო შეიქმნა. ახლა ასფალტის საფარია ჩავარდნილი ჭის გარშემო, საშიშია ვინმეს ფეხი არ ჩაუვარდეს და დაზიანება არ მიიღოს.”– ამბობს მოსახლეობა.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის წარმომადგენლობაში „გურია ნიუსმა“ გაარკვია, პროექტი უკვე მზადაა და აღნიშნულ ტერიტორიაზე მთლიანად იგეგმება საკანალიზაციო ჭის სისტემის ხელახალი მოწყობა.
„ეს საკანალიზაციო ჭები გასული საუკუნის 60-იან წლებში გაკეთდა, უკვე მწყობრიდანაა ყველა გამოსული. პროექტი უკვე მზადაა და მთლიანად შეიცვლება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში არსებული საკანალიზაციო ჭები“, – გვითხრეს წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის წარმომადგენლობაში.
[sexy_author_bio]