კონსტანტინე გამსახურდიას პირადი ცხოვრება ისეთივე მძაფრი და მშფოთვარე იყო, როგორც ეპოქა, რომელშიც უხდებოდათ ცხოვრება მას და მის თანამედროვეებს. კონსტანტინეს გენიალური რომანების შექმნასა და ჩვენამდე მოტანას, როგორც ჩანს, მისი საყვარელი ქალების მხრიდან მსხვერპლი დასჭირდა – დიდი ხნის წინ დაწყებულ და მიტოვებულ „მთვარის მოტაცებას“ მწერალი რებეკა ვაშაძის გარდაცვალების შემდეგ მიუბრუნდა და ბოლომდე დაასრულა კიდეც. „დავით აღმაშენებელი“ კი მეორე დიდ სიყვარულს – მირანდა ფალავანდიშვილს უძღვნა, ხოლო როგორც მკვლევარი, პროფესორი სოსო სიგუა აღნიშნავს, რომ არა მირანდას ავადმყოფობა და გარდაცვალება, კონსტანტინე დაასრულებდა დაწყებულ რომანს.
რებეკა
სანამ კონსტანტინე გამსახურდია ცოლად რებეკა ვაშაძეს შეირთავდა, რებეკას თანაკლასელი მოსწონდაო. დიახ, გიმნაზიელი კონსტანტინე რებეკა ვაშაძის თანაკლასელს, სილამაზით გამორჩეულ, ჭიათურელ ვერა აბდუშელიშვილს შეუყვარდა. კონსტანტინესაც მოსწონდა ვერა, მაგრამ მათ შორის რებეკა ჩადგა და ჭაბუკს გული აუცრუა, ვერა შენზე ჭორაობს, კოწიას დახეული ფეხსაცმელებიდან ფეხის თითები მოუჩანსო. მას შემდეგ გაბრაზებული კონსტანტინე ვერას აღარც კი დალაპარაკებია. გავიდა დრო. ჭიათურაში მასწავლებლობდნენ ვერა, რებეკა და გალაკტიონის სატრფო – ოლია ოკუჯავა. ვერას ისევ უყვარდა კონსტანტინე, თუმცა, ის უცხოეთის ნისლებს იყო გადაყოლილი და გიმნაზიის შემდეგ ვერა არც ენახა. ვერას განუქარვებელი სიყვარულის შესახებ კარგად იცოდა რებეკამ და სკოლაში ხმამაღლა კითხულობდა ხოლმე კოწიას უსტარებს, რომ მეტოქისთვის გული დაეწყვიტა. მოგვიანებით ვერა ფსიქიკურად დაავადდა და მალე ისე გარდაიცვალა, რომ კონსტანტინესთვის თვალიც არ მოუკრავს. კონსტანტინე, როგორც თარაშ ემხვარი, სიკვდილის მომტანი დემონი აღმოჩნდა ვერასა და რებეკასთვის. მათ ერთნაირად დაასრულეს სიცოცხლე. თუმცა, ვერასგან განსხვავებით, რებეკას ოცნება ასრულდა – ეს იყო მრავალი უსტარი, რომელსაც ახალგაზრდა მწერალი რებეკას პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, მიუნხენიდან, ბერლინიდან, მატარებლიდან თუ ტყვეთა ბანაკიდან უგზავნიდა (რებეკას მათი ნაწილი მოგვიანებით ბუხარში შეუყრია და დაუწვავს). ამ გზით უმტკიცებდა სიყვარულს, სწუხდა, რომ მარტო დატოვა და თავად ევროპას მიაშურა, პატიებას სთხოვდა, ალერსით უწოდებდა რების, რებიკას, რევეკას, პენელოპეს… აცნობდა თავისი ცხოვრების წვრილმანებს – როდის იყო მთვრალი, რა დალია – არაყი თუ კონიაკი, როგორ დაიწყო თამბაქოს მოწევა, როგორ უბწკინა ლოყაზე ვიღაც გერმანელმა ქალმა. რებეკას მამა, ისაია ვაშაძე, შეძლებული მღვდელი იყო. მშობლებს სასიძო არ მოსწონდათ, რადგან კონსტანტინე საეჭვო პერსპექტივის მარადიული სტუდენტი იყო – ხელთ წიგნი ეჭირა, ფული არ ჰქონდა, პრაქტიკულ საქმეს გულს ვერ უდებდა, იცვლიდა ქალაქებსა და უნივერსიტეტებს, ცხოვრობდა სხვათა დახმარების ხარჯზე. მაგრამ სატრფოსადმი საოცარ თავდადებასა და ერთგულებას იჩენდა. იყო უაღრესად გულღია, თავაზიანი და ყურადღებიანი. ჯვრისწერამდე რებეკასგან ფულს არ იღებდა, შემდეგ კი ყოველ წერილში ფულზე ჩიოდა.
ერთხელ მასწავლებელმა კონსტანტინეს ვალტერ სკოტის „აივენჰო“ მისცა გასარჩევად, რომლის ერთ-ერთ პერსონაჟს რებეკა ჰქვია. რებეკას ხსენებაზე ყველა კონსტანტინეს მიაჩერდა. „გამაწითლეს საძაგლადო“, წერს მწერალი. „ლანდებთან ლაციცში“ იგი თავის რომანულ ფათერაკებზე მოგვითხრობს, ასახელებს გერმანელ ქალებს, ზოგს გათხოვილს, ზოგსაც – გასათხოვარს, მაგრამ არა რებეკას. შეიძლება, რომელიმე მათგანი რეალურად არც არსებულა, მაგრამ ადელჰაიდე ლენცთან რომანი მართალი უნდა იყოს, რადგან ეს ასული ძალიან ჰგავს ელლენ რონსერს („მთვარის მოტაცება“).
…1914 წელს რებეკასა და კონსტანტინეს ჯვარი თავად ისაიამ დასწერა. წყვილი გერმანიაში წავიდა, მაგრამ იქ ორივე დააპატიმრეს, როგორც რუსეთის მოქალაქეები. გერმანელებს რებეკა ებრაელი ეგონათ – სახელისა და მამის სახელის გამო. მოგვიანებით, რებეკაც სოციალისტ-ფედერალისტი გახდა, თუმცა, კონსტანტინე უშლიდა – პარტიულობა ქალს არ სჭირდებაო. რებეკა გალაკტიონის პირველ მეუღლესთან – ოლია ოკუჯავასთან მეგობრობდა. 1918 წელს რებეკასა და კონსტანტინეს ქალიშვილი, ნათელა შეეძინათ. როცა კონსტანტინეს შვილის დაბადება ახარეს, სიმამრის ოჯახში იყო. მღელვარებით გაოგნებულმა ლამპის ცხელ შუშას აკოცა და ტუჩები დაიწვა. მღვდელს გაეცინა, სიძის საქციელი კი არ მოეწონა. რამდენიმე თვეში მწერალი გერმანიაში გაემგზავრა, ერთ წელში უკან მობრუნდა და მეუღლეს კატეგორიულად მოსთხოვა ბერლინში წასვლა. რებეკამ და სიდედრ-სიმამრმა წინადადება უარყვეს – ომია, ქვეყანა იქცევა, ძუძუთა ბავშვიანი ქალი სად უნდა წავიდესო. კონსტანტინე გაჯიუტდა, თუმცა რებეკა ვერ დაითანხმა.
ეს ფაქტი ძალიან ჰგავს თარაშის სიჯიუტეს თამარის მიერ თმების შეჭრის გამო. 1919 წლიდან, ფაქტობრივად, მათი ხანმოკლე ცოლქმრობა შეწყდა – კონსტანტინე ბერლინში გაბრუნდა, რებეკა კი ჭიათურაში დარჩა – სკოლაში ქართულ და რუსულ ენებს ასწავლიდა. მალე ქვეყანა უარესად აირია – კონსტანტინეს ბოლშევიკები სდევნიდნენ, არც მღვდლის ოჯახს ადგა კარგი დღე – წაართვეს სახლი, წისქვილი, ჩამოართვეს მიწები, აუკრძალეს მღვდელმსახურება. კონსტანტინე მეუღლეს სწერდა: „შენს თვალებში მე მეგულება ჩემი მზეგადაცვლილი სიჭაბუკე“. 1925 წელს „დიონისოს ღიმილი“ გაუგზავნა. რებეკამ რომანზე რეცენზია დაწერა. თითქოს ძველი წყენა დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მწერალი დააპატიმრეს. კონსტანტინეს გადაკარგვამ, სევდამ და დეპრესიამ ქალს ფსიქიკა შეურყია. იგი 41 წლის ასაკში ჭიათურაში გარდაიცვალა, იქვე დაკრძალეს. კონსტანტინე დაკრძალვას არ დასწრებია, მაგრამ მაშინ წერდა „მთვარის მოტაცების“ პირველ სტრიქონებს და მისი სიჭაბუკის ოცნება აღდგა ქერათმიან, ცისფერთვალა თამარ შარვაშიძის სევდიან სახეში. ამის შემდეგ ქრება რებეკა კონსტანტინეს მეხსიერებიდან, თითქოს არც არასოდეს არსებულიყო.
მირანდა
კონსტანტინე გამსახურდიამ ცოლად 23 წლით ახალგაზრდა მირანდა ფალავანდიშვილი შეირთო. გამორჩეული სილამაზისა და ბუნების ასულს მათიკო ერქვა, იადასაც ეძახდნენ, მირანდად კონსტანტინემ მონათლა – ალბათ, შექსპირის მიხედვით. მწერალმა ის გერმანულ სკოლაში გაიცნო, სადაც თავად ასწავლიდა. ძველი ტრადიციის მიხედვით, კონსტანტინე ხელის სათხოვნელად მირანდას ბებიას ეახლა, მაგრამ გაწბილებული დარჩა. შე წუწკო, ლამის ჩემი ასაკისა ხარ და ამ ანგელოზს როგორ გაგატანო, – მკაცრად უპასუხა ქალბატონმა და ოჯახის წევრებს მიმართა: სტუმარი გააცილეთო. 1935 წელს 44 წლის კონსტანტინე და მირანდა მაინც დაქორწინდნენ. კონსტანტინეს, როგორც ყველა დიდ ხელოვანს, რთული ხასიათი ჰქონდა. საშინელი დრო, რომელიც მარყუჟივით ყელზე ეხვეოდა, კიდევ უფრო უწეწავდა ფსიქიკას. მის მძიმე ცხოვრებას მირანდა მართლაც მფარველ ანგელოზად მოევლინა. მარტოობამ, შემოქმედებითმა პროცესმა, ეპოქის კოშმარმა მწერალს მკაცრი ხასიათი ჩამოუყალიბა. ეს თავს იჩენდა ცხოვრებისეულ წვრილმანებში, ხელმომჭირნეობაში, პედანტურ სიზუსტეში, ცოლქმრულ ურთიერთობაში, რასაც თავდაპირველად კონფლიქტებიც მოსდევდა. ახალგაზრდა მირანდა ეჭვიანობდა, ალბათ, საყვარლები ჰყავს და იმიტომ მოდის სახლში ასე გვიანო.
მირანდა და მწერლის ქალიშვილი
1936 წელს ცოლ-ქმარს ქალიშვილი შეეძინათ – თამარი, 1939 წელს კი ვაჟი – ზვიადი. კონსტანტინე ახალი დაოჯახებული იყო, როცა საშუალო სკოლა დაასრულა და ჭიათურიდან ჩამოვიდა უფროსი ქალიშვილი ნათელა. მირანდა და ნათელა თითქმის ტოლები იყვნენ. უდედმამოდ აღზრდილი ნათელას დანახვაზე მირანდა ატირდა, ნათელასაც ცრემლები მოეძალა. მირანდა ყველანაირად ცდილობდა, ნათელას უდედობა არ ეგრძნო. ნათელას უთქვამს, ფული რომ მჭირდებოდა, მამას ვერ ვეუბნებოდი, მირანდას ვთხოვდი ხოლმეო. ერთხელ ეს კონსტანტინეს გაეგო და ცოლზე გაბრაზებულა – ვერ გავიგე, ნათელა შენი შვილია თუ ჩემიო. კონსტანტინეს თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ქალის განათლებაზე. არ მოსწონდა, მირანდა რომ უნივერსიტეტში სწავლობდა, ეუბნებოდა: სჯობს, ოჯახს მიხედოო. მირანდამ ეკონომიკის ფაკულტეტი დაასრულა, მაგრამ არსად უმსახურია. მეუღლეს ლიტერატურულ მუშაობაში ეხმარებოდა, თარგმნიდა, უვლიდა ოჯახსა და შვილებს, მასპინძლობდა სტუმრებს, მოგზაურობდა საზღვარგარეთ. მხოლოდ ერთხელ იყო მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ გერმანიაში, მანამადე მწერალს არ აძლევდნენ უცხოეთში წასვლის უფლებას. როგორც ზვიადი იგონებს, დედამ მას მუსიკისა და ხელოვნების სიყვარული და ქალისადმი რაინდული თაყვანისცემა ჩაუნერგა. (წყარო: mshoblebi.ge).
მირანდა ამ ქვეყანას 56 წლის ასაკში განშორდა – უკვე მესამე სტადიაში გადასული სიმსივნე აღმოაჩნდა. ტკივილებს უხმოდ იტანდა სნეული. 1970 წელს „კოლხური კოშკის“ ეზოში დაკრძალეს ის, ვისაც მწერალმა თავისი მრავალწლიანი შრომის ნაყოფი – „დავით აღმაშენებელი“ უძღვნა. მირანდა დილით გარდაიცვალა. ზვიადი ექიმის ჩამოსაყვანად რუსეთში იყო წასული. ეგონათ, კონსტანტინეს ჯერ კიდევ ეძინა, ის კი საწერ მაგიდასთან იჯდა და წერდა. როცა მირანდას სიკვდილი აუწყეს, ფეხზე წამოიჭრა, კალამი ხელიდან გაუვარდა. ქანცმილეული ისევ სკამზე დაეშვა და დიდხანს იყო გარინდებული. შემდეგ მეუღლის ცხედართან მივიდა და ცხარედ ატირდა. მირანდა აქ, ეზოში უნდა დაიკრძალოსო, – უთხრა ახლობლებს. პანთეონი უხსენეს. ჩემი პანთეონი იქ არის, სადაც დავიმარხებიო. მირანდას გარდაცვალების შემდეგ კვლავ დეპრესიამ დარია ხელი, შინიდან არ გამოდიოდა, არავის ნახვა არ სურდა, მდუმარედ იჯდა საწერ მაგიდასთან, სიგარეტს ეწეოდა, დროდადრო წერდა და კითხულობდა ან ფანჯრიდან გაჰყურებდა გაძარცულ ხეებს…
მეგი
კონსტანტინე გამსახურდიას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე შეყვარებული ჰყავდა, რომელთაგან ორი – რებეკა ვაშაძე და მირანდა ფალავანდიშვილი ცოლად შეირთო. ეს უკვე ვიცით. ამას გარდა, იყო ერთი უცნაური ქორწინება ცნობილ ქართველ მსახიობ მეგი წულუკიძესთან. ეს მოხდა 40-იან წლებში, როცა კონსტანტინეს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, მირანდა ფალავანდიშვილთან. იმ დროს მეგი წულუკიძე მსახიობი არ ყოფილა. უბრალოდ, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გახლდათ, რომელმაც კონსტანტინე ისე მოხიბლა, რომ მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამ დროისთვის მწერალი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდასთან, ამიტომ მეგისთან ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერა, რომელსაც ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები, სიონში შედგა. კონსტანტინეს მეჯვარე ცნობილი ლიტერატორი აკაკი გაწერელია იყო. ჯვრისწერის შემდეგ კონსტანტინეს სახლში სუფრა გაიშალა. სუფრის გაძღოლა შალვა ნუცუბიძემ ითავა. იმ დროისთვის, კონსტანტინესთან სახლში ცხოვრობდა მისი უფროსი ქალიშვილი ნათელა, რომელსაც მწერალმა სთხოვა, რამდენიმე დღით ახლად შერთულ ცოლთან მარტო დაეტოვებინა. რამდენიმე დღის შემდეგ კონსტანტინემ ნათელას დაურეკა და სახლში დაბრუნება სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონსტანტინესა და მეგის შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა და მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა – კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს.
მოგეხსენებათ, მაშინ ჯვრისწერა რას ნიშნავდა, მაგრამ კონსტანტინემ გამოსავალი იპოვა: „დავით აღმაშენებელში“ ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო“. კომუნისტების დროს რეალიზმი ძალიან ფასობდა, ამიტომ მოეწონათ, რომ მწერალი რეალისტურად აღწერდა ვითარებას და კონსტანტინეს თავი დაანებეს. მოგვიანებით, მეგი წულუკიძე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის სიკო დოლიძის ცოლი გახდა. კონსტანტინე ხშირად აკრიტიკებდა რეჟისორებს იმის გამო, რომ მის რომანებზე ფილმებს არ იღებდნენ. ერთხელ საჯაროდ და დაუნდობლად გააკრიტიკა სიკო დოლიძე. რეჟისორმა აღშფოთება ვერ დამალა – რას მერჩის ეს კაციო? მეგი, მეგი წულუკიძეო, – დაიძახა ვიღაცამ დარბაზიდან და ყველას გაახსენდა უცნაური ქორწინება, რომელიც წლების წინ შედგა.
წყარო: tbiliselebi.ge