სამეთაურო საშტაბო სწავლებაში „დიდგორი 2021″ ყველა უწყებაა ჩართული, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერი კრიზისის მართვასა და უწყებათაშორის კოორდინაციას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში განაცხადა, სადაც, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021″-ის მიმდინარეობას გაეცნო.
მთავრობის მეთაურის თქმით, უწყებათაშორის კოორდინაციას მეტი სწავლება და ტრენინგი სჭირდება და მისასალმებელია ასეთ წარმატებული სწავლების ჩატარება.
„დავესწარით უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „დიდგორი 2021″, რომელიც მართლაც უნიკალურია იმიტომ, რომ წელს მათ შორის საველე სწავლებაც გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყებაა ჩართული ამ სწავლებაში, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად უწყებათაშორის კოორდინაციას და ნებისმიერი კრიზისის მართვას. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად კოორდინაციას მეტი სწავლება, მეტი ტრენინგი სჭირდება და მე მივესალმები, რომ წელს ასეთი წარმატებული სწავლება ჩატარდა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების დაგეგმვასა და აღსრულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის „დიდგორი 2021″-ის სახელობითი სასაჩუქრე დაფა გადასცა.
თავდაცვის ძალებში უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021″ მიმდინარეობს, რომელიც კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
წლევანდელი „დიდგორი 2021″ წინა სწავლებებისგან განსხვავებით მასშტაბური და გამორჩეულია, რადგან საშტაბო ნაწილის გარდა, საველე კომპონენტებსაც მოიცავს. საველე სწავლებებში მონაწილეობენ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები. ასევე, საველე სწავლებებში თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფები.
„დიდგორი 2021″ ყველა სახელმწიფო უწყების სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
სწავლების სცენარი ეროვნული დონის კრიზისულ სიტუაციას მოიცავს. სცენარის მიხედვით მოხდება კრიზისის ესკალაცია, რომელიც ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში გადაიზრდება.
სწავლება დასრულდება კრიზისის დეესკალაციით. სწავლების საშტაბო ნაწილი ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს – კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში. სწავლება 8 ნოემბერს გაიხსნა და ოფიციალურად 12 ნოემბერს დასრულდება. სამეთაურო-საშტაბო სწავლებათა ციკლი „დიდგორი” უკვე მერვედ ტარდება.