,,ის, რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, „ფეიკია”! – ასე გამოეხმაურა ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილ კონსილიუმის დასკვნას ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ ამ “ფეიკდასკვნას” გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც მართველ პარტიას ეშინია, შეიძლება ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს.
“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ნინო ლომჯარიას და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უდიდესი უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, რასაც ისინი თვეების განმავლობაში, მათ შორის საკუთარი საჯარო განცხადებებით არ მალავდნენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ის ე.წ. დასკვა, რაც მათ მოამზადეს.
სინამდვილეში მათ დასკვნა შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა მოემზადებინათ. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოთხოვნა აღარ აქვს, ის პოლიტიკური მოთხოვნით აღარ შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მისი თქმით, თუ მას შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა უზრუნველყოფილი ექნება, შიმშილობას წყვეტს. ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით და ეს რომ არ გაკეთდა, კონსილიუმის პოლიტიკური მიკერძოებულობის მარტივი დასტურია.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი “ფეიკ” დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ – წარმოიდგინეთ ამ “ფეიკს” მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი “ფეიკი” ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.
დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
[sexy_author_bio]