რუსეთის და საქართველოში მისი დამქაშების გეგმა, მოეკლათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც მოჰყვებოდა დესტაბილიზაცია და ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა, ვერ შესრულდა, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე, ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას” წევრმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გამარჯვება ამ ეტაპზე მიღწეულია, მაგრამ ეს არ ყოფილა მათი საბოლოო მიზანი.
“მე შეგახსენებთ, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მისი მიზანი იყო თავისუფლება და სამართლიანობა და წართმეული ხელისუფლების ხალხისთვის უკან დაბრუნება, ანუ გაუქმებული არჩევნების აღდგენა. ბრძოლა ამ მოთხოვნებისთვის კვლავ გრძელდება, ამ ეტაპზე იძულებული გავხდით ტაქტიკური ცვლილება შეგვეტანა ამ ბრძოლაში და ერთი ადამიანის სიცოცხლე გვეხსნა. ერთი ადამიანის გადარჩენა გამარჯვებაა და ასევე ვართ დარწმუნებული, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ და ქართველი ხალხი დაიბრუნებს იმას, რაც რუსეთის დავალებით მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა”, – განაცხადა ქარდავამ.
შეგახსენებთ, პარლამენტში 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყეს დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც პარლამენტში 17 დღე იშიმშილა. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა, შიმშილობა შეწყვიტა დანარჩენმა 9 დეპუტატმაც.
წყარო: interpressnews.ge