2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
“მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები.
გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს, ქ. თბილისში – „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ (თელმიკო), ხოლო რეგიონებში – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“.
ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირების კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში”,_ ნათქვამია განცხადებაში.