2021 წლის 8 დეკემბერს, ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერიდან 30 წელი გავიდა.
ბელოვეჟის შეთანხმებამ საბჭოთა კავშირის დაშლას დაუდო სათავე.
1991 წლის 8 დეკემბერს, ბელორუსიაში, ბელოვეჟის ტყეში მდებარე სამონადირეო ქოხში, სამი საბჭოთა რესპუბლიკის (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ლიდერმა (ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი, სტანისლავ შუშკევიჩი) ხელი მოაწერა სამი სახელმწიფო მეთაურის დეკლარაციას და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაფუძნების შეთანხმებას. აღნიშნულ ჩარჩო დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ მოლაპარაკებები ახალი სამოკავშირეო შეთანხმების პროექტის მომზადებაზე ჩიხში იყო შესული და სსრკ–დან რესპუბლიკების გამოსვლის დე ფაქტო პროცესი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა რეალობა გახდა. მიღებულ დოკუმენტებში ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო: 1) დოკუმენტის მიხედვით, სსრკ, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა აღარ არსებობდა; 2) დოკუმენტის მიხედვით ცხადდებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაფუძნება, რომელიც მოიცავდა სამივე ხელმომწერ სახელმწიფოს, მაგრამ მასთან შეერთება ღია იყო სსრკ–ს ყველა წევრი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც დამფუძნებელი შეთანხმების მიზნებსა და პრინციპებს ითვალისწინებდნენ. 12 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ ბელოვეჟის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
1991 წლის 26 დეკემბერს კი, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა, რასაც 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება მოყვა. საბჭოთა კავშირის დაშლა სოციალურ–ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სფეროში მომხდარმა ცვლილებებმა გამოიწვია.
[sexy_author_bio]