4 თებერვალს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. გეგმიური აუდიტორული შემოწმება მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის პერიოდს მოიცავს. როგორც 2016 წელს ჩატარებული შიდა აუდიტისა (მოიცავს 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2013 წელს ჩატარებული აუდიტის (მოიცავს 2011 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს) დასკვნები, მიმდინარე წლის 4 თებერვლის დასკვნაშიც მძიმე დარღვევებზეა საუბარი.
მოცემული დასკვნა ნათლად აჩვენებს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წლის აპრილიდან განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც, სხვებს შორის, მიზნად ისახავს ეროვნულ მუზეუმში საკადრო ცვლილებებს, სტრუქტურის ოპტიმიზაციას, ექსპონატების პასპორტიზაციასა და ინვენტარიზაციას, ექსპონატების მოძიებასა და მუზეუმში დაბრუნებას, შენობების რემონტსა და რეკონსტრუქციას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, არის გამართლებული და აუცილებელი და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
კერძოდ, 4 თებერვალს გამოქვეყნებული აუდიტის ანგარიშის თანახმად:
• ეროვნულ მუზეუმში კვლავ არ იყო დასრულებული ფონდების აღრიცხვა- შეჯერების პროცესი;
• დარღვეული იყო სამუზეუმო ექსპონატების დროებით გამოფენაზე გატანის ვადები;
• მუზეუმის ზოგიერთი ფონდი საერთოდ არ აწარმოებდა ექსპონატების აღრიცხვის საინვენტარო წიგნებს, ხოლო ზოგიერთი აღნიშნულ წიგნებს აწარმოებდა არასრულყოფილად. კერძოდ, წიგნებში არ იყო შეტანილი საინვენტარო ნომრები, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა კონკრეტული ექსპონატის იდენტიფიცირება;
• რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი). ზოგიერთი ფონდსაცავი არ იყო აღჭურვილი სათანადო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემით, რაც ქმნიდა ექსპონატების დაზიანების რისკს.