ირმა მგელაძე, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოში ენმ-ს წარმოადგენს, სახანძრო-სამაშველო სამსახურში არსებულ პრობლემაზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, ლანჩხუთის სამაშველო სამსახურს იმ ტექნიკისა და აღჭურვილობის პრობლემა აქვს, რაც საჭიროა გადაუდებელი და უბედური შემთხვევების დროს ქმედითუნარიანობისთვის.
მგელაძემ აღნიშნული პრობლემის თაობაზე საკრებულოს ბოლო სხდომაზეც გააკეთა განცხადება და ადგილობრივ ხელმძღვანელობას კითხვით მიმართა, თუ რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად.
„როცა ეს სამსახური მმართველობაში შსს -ს გადაეცა ძალიან გამიხარდა. ვფიქრობდი, რომ ამ უწყებას მეტი ფინანსური რესურსი გააჩნია და ახალ ტექნიკას შეუძენდა, კარგად მოუვლიდა ამ სამსახურს. მეათე წელია რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია და ერთი ცალი ტექნიკაც კი არავის შეუძენია.
უბედური შემთხვევიდან დაზღვეული არც პოზიცია და არც ოპოზიცია არ ვართ. ლანჩხუთის სახანძრო-სამაშველო სამსახური უკვე მერვე წელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფია, 2006 წლიდან შევძელით (მაშინ მუნიციპალური იყო) და შევუძინეთ პიკაპის მარკის ავტომობილი სამაშველო სამსახურის აღჭურვილობით, დღემდე მეტი არაფერი შემატებია მათ ტექნიკას. მაშინ, როცა შსს მუდმივად ძვირადღირებული მანქანების ავტოპარკს აახლებს, აზრადაც არავის მოსვლია ერთი სახანძრო მანქანის შეძენა. ნებისმიერი ხანძარი აქ მომუშავე გმირი პერსონალისთვის ნამდვილად პირადი ტრაგედიაა, რადგან თითქმის ვერასოდეს ვერ გამოდიან გამარჯვებულები უბედურებასთან ბრძოლაში, მიუხედავად თავიანთი თავგანწირვისა და უწევთ გამწარებული ადამიანების ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ატანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მანქანაც კი არ ყავთ მწყობრში.
ეს ერთი თემა მაინც მოვაგვაროთ ლანჩხუთელებისთვის ამ მოწვევის საკრებულომ, ოპოზიციაც დაგიდგებით ყველანაირად გვერდში, მარტო ხელფასების აღება და პროცედურული დემოკრატია არ კმარა. ბატონო ალექსანდრე, შეხვედრიხართ შსს მინისტრს, გისაუბრიათ ამ თემაზე?“- კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს.
„არის საუბარი ახალი სახანძრო-სამაშველო სამსახური გაკეთდეს იქ, სადაც წლების წინ იყო, ტექნიკის განახლებაზეც არის საუბარი“- მოკლე განმარტება გააკეთა საკითხთან დაკავშირებით კითხვის უშუალო ადრესატმა.
„და სანამ საუბარი მიდის, ამასობაში კიდევ რამდენი ადამიანის ჭერს შეიწირავს ხანძარი ვინ იცის. ამიტომ ყველამ დავფიქრდეთ და მოვთხოვოთ შსს, სასწრაფოდ გადმოსცენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სახანძრო მანქანა, ერთი მაინც“-ამბობს მერის მხრიდან გაჟღერებული განმარტებით უკმაყოფილო საკრებულოს წევრი.