„ბრძოლა, რომელიც 101 წლის წინ მიმდინარეობდა და ოკუპაცია, ჯერ კიდევ არ დასრულებულა – ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ეს ბრძოლა გრძელდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოჯორში განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე – 101 წლის წინ, ამ დღეებში, თბილისის შემოგარენში ბრძოლები მიმდინარეობდა, როდესაც საბჭოთა რუსული არმია, წითელი არმია საქართველოს იპყრობდა. მაშინ წითელმა არმიამ შეძლო საქართველოს დაპყრობა და ჩვენი ქვეყანა რამდენიმე ათეული წელი იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ. ეს ბრძოლა და ოკუპაცია სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რა დასრულებულა. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ეს ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და ის ბრძოლა, რომელიც მაშინ, 101 წლის წინ მიმდინარეობდა და წარმატებით ვერ დასრულდა, მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.