დღეს, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში უკრაინის მხარდამჭერი აქცია ჩატარდა.
ოზურგეთელმა ისტორიკოსმა ირმა გორდელაძემ შეკრებილებს მიმართა:
_მსოფლიომ თავისი სოლიდარობით, ერთად დგომით უნდა დაამარცხოს ეს ბოლო ურჩხული, რუსეთი. რაღა დროს იმპერიებია, რაღა დროს ქვეყნების და სხვათა ტერიტორიების დაპყრობააა. რაღა დროს მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების დაბომბვააა. დადგა დრო, ჩვენ ოზურგეთლებმა, გურულებმა მივაწვდინოთ ხმა უკრაინას. ჩვენ სპონტანურად შევიკრიბეთ. მოვედით დღეს, ჩვენი ხმა უნდა მივაწვდიონოთ მსოფლიოს! არა ოკუპაციას, არ რუსეთს, გაუმარჯოს უკრაინას, ძირს რუსეთის იმპერია! _თქვა ირმა გორდელაძემ.
აქციაზე მოსულმა ოზურგეთელმა სტუდენტებმა გამოხატეს პროტესტი და აგრესორი უწოდეს რუსეთს, რომელიც ასე უცერემონიოდ შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.
ზურა მენაბდე, მაგისტრატურის სტუდენტი:
_ ვგმობ ყველანაირ აგრესიას, მით უფრო რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს. ის აგრესორი ქვეყანაა და ისევე იქცევა, როგორც მოიქცა ჩვენთან 2008 წელს. ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ მოძმე ხალხს, დიდება უკრაინას!
_პირველ რიგში ვგმობ ოკუპაციას. დღეს სიმბოლური დღეა, 25 თებერვალია. 110 წლის წინ სწორედ დღევანდელ დღეს ხმოახდინეს საქართველოს დაპყრობა რუსებმა. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!
აქციაზე ეროვნებით უკრაინელი ქალბატონი გამოვიდა. მან აცრემლებულმა გადაუხადა მადლობა ქართველ ხალხს და თქვა, რომ დღეს მისი სამშობლო უდიდესი გასაჭირის წინაშეა, არ აცლიან თავისუფლებას და მშვიდობიან ცხოვრებას.
სტუდენტურ -ახალგაზრდული სათათბიროს გამგეობის თავმჯდომარემ, ნათია გიგიაძემ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს:
_ვგმობ რუსეთის აგრესიას. უკრაინა, გარდა იმისა, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, მოძმე ქვეყანაა, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩვენს ბედს იზიარებს! დიდება და თავსუფლება უკრაინას! – ემოციურად დაასრულა ნათია გიგიაძემ.
[sexy_author_bio]