საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ ესმის და ვერ შეეგუება იმას, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ ეტაპზე ხელისუფლება და ოპოზიცია ივიწყებს, რომ “ძალა ერთობაშია”. ამ თემაზე მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია, მათ შორის, საქართველოსთვის, რადგან დღეს დიდი გამოწვევის წინაშე ვართ.
“თუმცა ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად, კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის ვალდებულება ქვეყნის წინაშე!
დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობლებს მზადყოფნაში არ დავხვდებით – ეს დრო აღარ დაბრუნდება! ამიტომ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.