„დღეს არის 5 წლისთავი მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ამიტომ, ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ – მთელმა მთავრობამ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში.
„აქვე, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წელს, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ და 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში, სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ, 5 წლის განმავლობაში, 1,5 მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის ქვეყნებში.