ოზურგეთში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, საწვავის ფასის ზრდის გამო, მოსახლეობაში ყოველდღე მატულობს უკმაყოფილება.
აქ, უმეტესობა მოქალაქეებისა, ვისაც ტრანსპორტით გადაადგილება ხშირად უხდება, საუბრობენ გასაჭირზე, რაც საწვავის ფასის ზრდას უკავშირდება.
_ საკვებ პროდუქტზე ფასების კატასტროფული ზრდა, როგორც არასდროს, ისეთია დღევანდელ პირობებში. თუმცა, კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა საწვავზე ფასის შემპარავი, მუდმივი ზრდა. იქნებ, მკითხოს ვინმემ, რატომ? იმიტომ, რომ პურის და შაქრის ფულიც რომ იშოვო, ხომ უნდა ჩამოხვიდე ქალაქში, რომ იყიდო? რომ ჩამოხვიდე და შინ წახვიდე, სამი კილო შაქრის ფასი ტრანსპორტში უნდა გადაიხადო. საიდან მოვიტანოთ ეს ფული? დაყრუვდა თუ დაბრმავდა ჩვენი მთავრობა? _ გვეუბნება სოფელ ასკანის მცხოვრები რევაზ ცქვიტინიძე, რომელიც ქალაქ ოზურგეთში სასურსათო პროდუქტის შესაძენად იყო ჩამოსული.
_ ძაღლები მყავს სახლში და მეცოდება, თორემ ჩემი თავი ჯანდაბას. ასეთი გასაჭირი დაბნელებულ წლებში თუ გვახსოვს. შუქი არ იყო მაშინ, არც ტრანსპორტი, მაგრამ ახლა რომ არის, რა შეღავათია? ორი კილო შაქრის ყიდვა მირჩევნია და ავალ ფეხით ასკანაში. აბრალებენ ყველაფერს პანდემიას და… ქარბორბალას, კიდე. ახლა ასეთი აზრი მიჩნდება _ მთავრობა იმის “მაცადინობაშია”, რა მიზეზი დაინახოს გარეთ, რომ გაჭირვებას მოარგოს და ხალხთან თავი იმართლოს. კი მარა, თავად ფუფუნებაში როგორ არის? არ ვხუმრობ, _ ამბობს ცქვიტინიძე და გვეუბნება, რომ საწვავის ფასის მატების გამო ჩატარებულ საპროტესტო აქციაზე აგვიანდებოდა.
27 მარტს, საწვავის ფასის ზრდის გამო, ოზურგეთში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, აქცია მოეწყო.
_ ჩვენ, ოზურგეთელი ახალგაზრდები, ასევე, მძღოლები, ვისაც სოფლების რეისები გვაქვს, შევიკრიბეთ და მოვაწყვეთ აქცია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მხოლოდ ერთი, მშვიდობიანი მოთხოვნით მივედით _ დაგვეხმარონ, ხალხს და ქვეყანას დაეხმარონ გასაჭირში და როგორმე დაარეგულირონ საწვავის ფასი, _ გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დიმიტრი სუშკინმა.
აქციის მონაწილეებმა ოზურგეთის მერიასთან საყვირების ხმით გამოხატეს პროტესტი. თუმცა, მათ შენობიდან არავინ გამოხმაურებია.
_ ვატარებთ მშვიდობიან აქციას. ვართ ოზურგეთელი ახალგაზრდები, მძღოლებიცაა ჩვენ შორის. საწვავის კატასტროფულად გაზრდილი ფასი თუ არ გავაპროტესტეთ, უკვე გაძლება აღარ შეიძლება. ეს გაძვირებული პროდუქტი ცოტა მაინც რომ იყიდო და შიმშილით არ მოკვდე, ქალაქში ხომ უნდა ჩამოხვიდე? პირდაპირ ჩვენს ჯიბეს ურტყამს საწვავის ფასის ზრდა. ჩვენ გაწევრიანებული ვართ ფეისბუქჯგუფში, სადაც 158 ათასი წევრია და აპროტესტებენ საწვავის ფასის ზრდას. შედეგი სანამ არ გვექნება, კიდევ მოვაწყობთ აქციებს. ჩვენ ტელეფონზე გვიპასუხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთმა მოადგილემ _ გარეთ არ გამოსულან. გვითხრა, ჩვენ ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ, პასუხს ვერ გაგცემთო… ასეთი პასუხი რად გვინდა _ ან რა აზრი აქვს?! უიმედო და ზერელე პასუხი გამოსავალი არაა! _ გვითხრეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.
აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა “გურია ნიუსთან”, ასევე, თქვეს, რომ მშვიდობიან მოთხოვნებში შედის საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც, მათი აზრით, საწვავს მნიშვნელოვნად გააიაფებს. აქედან გამომდინარე კი, სოციალური ფონი გაუმჯობესდება და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები შვებას იგრძნობენ.
ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურში, საიდანაც ტრანსპორტი გადის, როგორც ადგილობრივი სოფლების, ისე საქალაქთაშორისო მიმართულებით, მძღოლები გაღიზიანებული საუბრობდნენ:
_ ორი დღეა, საერთოდ არ წავსულვარ თბილისის მიმართულებით. რამდენი წელია, ვმუშაობ და ასეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდნილვარ. თითოეულ რეისზე 300-600 ლარი ვალი ჩამომყვა. ფაქტობრივად, ავტობუსები ვეღარ იმოძრავებენ თბილისის მიმართულებით, რადგან აზრი არ აქვს… _ წუხდნენ ისინი.
მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ თბილისის მიმართულებით სტაბილურად, დილის საათებში, ყოველდღიურად გავიდეს ერთი ავტობუსი, რაშიც დახმარება, შესაძლებელია, ხელისუფლებამ აღმოუჩინოს ავტოსადგურს. როგორც რჩევით, ისე ნაწილობრივ ფინანსურადაც. ასეთ პირობებში ყველა მგზავრს ეცოდინება, რომელ საათზე მივიდეს ავტოსადგურში. გრაფიკიც აირია უკვე _ ზოგი მიდის, ზოგი არ მიდის…
რაც შეეხება თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს, ისინი დღის განმავლობაში, სხვადასხვა დროს გადიან დედაქალაქისკენ და კონკრეტული პროტესტი ამ სახის ტრანსპორტის მძღოლებს არ გამოუთქვამთ.
ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურის დირექტორმა, შალვა ორაგველიძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის შესახებ მან არაფერი იცის:
_ ჩვენი ავტოსადგური მგზავრებს და მძღოლებს ემსახურება. მძღოლის პასუხისმგებლობაა და მისი საქმეა, საწვავს როგორ და რა ფასად ჩაასხამს. კი, გაძვირებულია საწვავი, თუმცა, საქალაქთაშორისო მგზავრობა ჩვენ არ გაგვიძვირებია. მგზავრების ნაკლებობას თუ მეტობას, საწვავის ფასის ზრდა ან კლება არ განაპირობებს. თუ ჰკითხეთ, გეტყოდნენ _ ხან მეტია მგზავრი, ხან _ ნაკლები. საწვავის ფასის ზრდა ყველას აზიანებს. უფრო სწორად, გასაჭირისკენ მიჰყავს როგორც მგზავრი, ისე _ მძღოლი. თუმცა, ჩვენი ავტოსადგურის მძღოლები აღნიშნულ აქციას არ შეერთებიან, _ ამბობს ორაგველიძე.
ბატონი შალვა რასაც დაბეჯითებით გვპირდება, არის ის, რომ თუ საწვავის ფასი დაიკლებს, შემცირდება მგზავრობის ღირებულებაც:
_ დღეისთვის სოფლების მიმართულებით მგზავრობის ფასის ზრდა იძულებითი ნაბიჯია. მე, რაც შემიძლია შევპირდე ჩვენს სამართლიანად შეწუხებულ მოსახლეობას, არის ის, რომ დაიკლებს თუ არა საწვავის ფასი, მაშინვე შევამცირებთ მგზავრობის საფასურს, _ გვითხრა მან.
“გურია ნიუსი” შეეცადა, გადაეხედა, როგორ იყო ფასების ზრდის ტენდენცია უკანასკნელი წლების მანძილზე.
2017 წლის მონაცემებით რომ დავიწყოთ, საერთაშორისო ფასის ზრდისა და დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების პირობებში, მოხდა, ასევე, საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა. მაშინ ფასი საქართველოს საცალო ქსელში ყველგან გაიზარდა. ოღონდ ევრო დიზელის საწვავის ფასი, საშუალოდ (ერთი ლიტრის) 6-11 თეთრით, რეგულარი ტიპის ბენზინის ფასი კი 5-10 თეთრით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ღიად ამბობდა, რომ საწვავის ფასის შემდგომი ზრდა დამოკიდებული იქნებოდა საერთაშორისო ფასებზე.
დღეისთვის, როცა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება, ის ამბობს, რომ ფასების ზრდა და ინფლაცია დღევანდელობის გამოწვევაა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. ამიტომ საქართველო არაა გამონაკლისი. კოვიდპანდემიის პირობებში კი ინფლაციის მაჩვენებლები ბევრ ქვეყანაში, მისივე თქმით, პროგნოზირებულზე საკმაოდ მეტია. მან მაგალითებად ამერიკა, გერმანია, ასევე, ევროზონა მოიყვანა, სადაც ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.
პრემიერისვე თქმით, საწვავის ფასის ზრდის გამო ჩატარებული აქციის უკან, “ნაციონალური მოძრაობა” დგას.
_ არ გვაინტერესებს, ვინ უკან დგას და ვინ _ წინ. ვიცით ის, რომ გასაჭირი დადგა, რომელსაც ვეღარ ვუძლებთ. ახლა გეკითხებით, საგანგებოდ გააშუქებთ თუ არა, რა გვეშველება ხვნა-თესვის დროს? სეზონი კარს მოგვადგა. ამ ფასების პირობებში, შეუძლებელია, ხალხმა ხვნა-თესვა შეძლოს. მეც ვმუშაობ მძღოლად, თუმცა, ახლა უფრო ის მეფიქრება, შევძლებთ თუ არა მე და ჩემი მეზობლები საყანე ფართობების დამუშავებას! სულ ცოტა, ორიათასი კვ.მ. ფართობის დახვნა-დათესვას ასორმოცდაათი ლარი არ ეყოფა. საწვავს ფული უნდა, ასევე, თანხა უნდა გადაუხადო ტრაქტორისტს. ახლა იმის განხილვა უნდა დაიწყონ, აქცია ვინ მოაწყო? რად უნდა აქცია _ ვერ ხედავენ, სად მიფრინავს ფასები? თუ იმას აკონტროლებენ, ვინმემ პირი არ დააღოს და საყვედური არ წამოცდეს? პრემიერი როგორ ამბობს, ამერიკაში და ევროკავშირშიც ინფლაციააო? ხელფასი როგორია იქ, ხომ ვერ გვეტყვის? საოცარია, როგორ სულელები ვგონივართ, _ გვეუბნება ოზურგეთელი მძღოლი სერგო ბოიაჯანი.
საგაზაფხულო ხვნა-თესვის სეზონი, რომელიც კარსაა მომდგარი, მართლაც ძირითადად საწვავზეა დამოკიდებული. ამიტომ უკვე სერიოზულად წუხს გურიის მოსახლეობა, რადგან ადგილობრივი მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ფასები კვლავ ყველა მიმართულებით მოიმატებს.