რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კომპრომისის მოსაძებნად და უკრაინაში მის მიერ გაჩაღებული ომის დასასრულებლად მზად არ არის. _ ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც კითხვა დაუსვეს ,,შეუძლია თუ არა პუტინს აღიაროს რუსეთის დამარცხება ომში“.
“ვიცი, რომ ის დათმობაზე წასასვლელად ჯერ მზად არ არის, მაგრამ უკრაინელები ახლა რუსეთს თამამად და გმირულად ეწინააღმდეგებიან და ასევე არ არიან მზად რაიმე დათმობისთვის. ამიტომ, ჯერ არ დამდგარა მომენტი, რომ ომის დასრულებაზე, კომპრომისებზე ვისაუბროთ”, _ განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის რთული იყო კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ის „პუტინის თავში არ არის“ და საკმარისად არ იცოდა მისი ხასიათი და ტემპერამენტი.
მისი თქმით, პუტინმა, მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმით, საბედისწერო შეცდომა დაუშვა.
“შემიძლია ვთქვა, რომ მან საბედისწერო შეცდომა დაუსვა, თავისი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო, თავს დაესხა მეზობელს და დაარღვია მისი სუვერენიტეტი. უახლოესი კვირები აჩვენებს, შესაძლებლობის ზღვარი სად გადის, მაგრამ ჯერ უკრაინის არმიამ მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და ჩვენ დავეხმარებით მას ამაში”. – თქვა მაკრონმა.
ამასთან ერთად, მაკრონმა 16 ივნისს უკრაინაში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა მოლაპარაკებებმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შედეგი არ გამოიღო.
ცნობისთვის, 16 ივნისს უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი ჩავიდნენ.
ავტორი