მსოფლიოს ისტორიაში მრავლად მოიძებნება ფაქტები, რომლებიც თავის დროზე გასაიდუმლოებული იყო ან სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. დროთა განმავლობაში ამ სახის ინფორმაციები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის ახალი კუთხით აღთქმაშიც გვეხმარება.
რამდენიმე წლის წინ ესპანეთის უძველეს მონასტერ მონვანერესში, პირენეელი მეცნიერები ერთ საგულისხმო საბუთს წააწყდნენ. დოკუმენტი სტატისტიკური ხასიათისაა და ნაჩვენებია, თავის დროზე ესპანეთის სამეფო კარს რა თანხა დაუჯდა ამერიკის კონტინენტის აღმოჩენა.
ქვეყნის იმდროინდელი მბრძანებლის, მეფე ფერდინანდის განკარგულებით, ქრისტეფორე კოლუმბს ექსპედიციის მომზადებისათვის 36 ათასი პესეტა გამოეყო. მაგრამ პირველი ნაოსნობის დაწყებამდე მეზღვაურმა აღნიშნული თანხის მხოლოდ ნახევარი მიიღო. ფულის მეორე ნაწილი გაიცა მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ. კოლუმბმა მიიღო პრემიაც-1600 პესეტის ოდენობით.
ნაპოვნ საბუთში მოხსენიებულია ჯილდოს ის რაოდენობაც, რომელიც დანარჩენი ორი გემის კაპიტნებზე და ნაოსნობაში მონაწილე მეზღვაურებზე გაიცა. კაპიტნები დასაჩუქრდნენ 900, ხოლო მეზღვაურები 12 პესეტით.
ამავე დოკუმენტიდან ვგებულობთ, რომ სამეფო ხაზინას სამი კარაველას მშენებლობა 14 ათასი პესეტა დაუჯდა, ხოლო მოგზაურთა სურსათით უზრუნველყოფაზე ორი ათასი პესეტი დაიხარჯა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ თანხებს შევკრიბავთ, ხოლო შემდეგ გადავიყვანთ აშშ-ის დოლარებზე, მივიღებთ, რომ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის ფუფუნება ესპანელებს მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდათ.
ამ ინფორმაციამ ცოტა არ იყოს სახალისო გუნებაზე დამაყენა. სად იყვნენ ჩვენი წინაპრები, შეეგროვებინათ ეს თანხა და მათი შთამომავლებიც დღეისათვის ნამდვილად რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით. სამწუხაროდ ისტორია ერთ ადგილზე არ ჩერდება, თორემ ბოლო-ბოლო რამდენიმე შადრევანით ნაკლებს გავაკეთებდით და ამერიკას ხელახლა აღმოვაჩენდით.
ქრისტოფორე კოლუმბის მიერ ინდოეთად მონათლული ქვეყანა თანდათან განვითარდა და დროთა განმავლობაში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ დასავლურ პრესაში ერთი საგულისხმო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. თურმე ამერიკის პრეზიდენტების უმრავლესობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა აწუხებდა. ყველა მათგანის ჩამოთვლა დიდ ადგილს დაიკავებდა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე “დაავადებულზე” შევჩერდებით.
ექიმების საყვარელ პაციენტთა რიგებს რონალდ რეიგანი მიეკუთვნებოდა. თავად განსაჯეთ. ამ უკანასკნელს აწუხებდა: პნევმონია, ახლომხედველობა, შარდსადენი არხების ინფექცია, სმენის დაქვეითება, კენჭები, ართრიტი, ციებ-ცხელება, ნაწლავის კიბო, კარცინომა, პროსტატა და ალცჰეიმერის დაავადება. ცოტა ბევრი ხომ არ არის და საერთოდ, როდესაც რეიგანი პრეზიდენტად აირჩიეს, მისი ჯანმრთელობით ვინმე თუ დაინტერესდა.
“საქსოფონისტი” და ქალების მოყვარული ბილ კლინტონი შედარებით ჯანმრთელი ადამიანი იყო და მხოლოდ და მხოლოდ საყლაპავი მილის დაავადებით, კისტით, კარცინომითა და ათეროსკლეროზით თუ დაიკვეხნიდა. ჯორჯ ბუშ-უმცროსს, ალკოჰოლიზმი, ბუასილი, კერატოზი და ნაწლავების კეთილთვისებიანი პოლიპები აწუხებდა.
თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში დაფარული თემები ნაკლებად მოიძებნება, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ინფორმაციებსაც ვაწყდებით რომელიც დიდ გაკვირვებას იწვევს. ნება მომეცით ერთი მათგანი გავიხსენო, რომელიც მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება.
ბევრმა არ იცის, რომ თავის დროზე ამერიკელი მწერალი მარგარეტ მიჩელის ცნობილი წიგნი “ქარწაღებულნის” ახალი ვერსია უნდა გადაეღოთ და ეს ყველაფერი იმდროინდელ საქართველოში უნდა განხორციელებულიყო. ადამიანი კი ვისაც მარგარეტ მიჩელის რომანის ხელახალი ეკრანიზაცია სურდა, გამოჩენილი იტალიელი კინორეჟისორი სერჯო ლეონე იყო.
სერჯო ლეონემ წინა საუკუნის სამოციან წლებში გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო ვესტერნების შემქმნელმა. თავის დროზე მისმა “ვესტერნ-სპაგეტებმა” თვით ჰოლივუდში “ველური დასავლეთის” შესახებ შექმნილ კინოპროდუქციას აჯობა. ფილმებმა “კარგი, ცუდი, ავი”, “სადღაც დასავლეთში”, “რამდენიმე დოლარით მეტი” რეჟისორს საქვეყნო აღიარება მოუტანა, ხოლო მის მიერ “აღმოჩენილი” მსახიობი კლინტ ისტვუდი აშშ-ის ერთ-ერთ უპირველეს კინოვარსკვლავად აღიარეს. აღსანიშნავია სერჯო ლეონეს მიერ შექმნილი სურათი “ერთ დროს ამერიკაში”, სადაც ებრაელთა განგსტერული სინდიკატის ისტორიის ფონზე რთული მორალურ-ეთიკური პრობლემებია წამოჭრილი.
წინა საუკუნის 70-იან წლებში ცნობილი გახდა, რომ სერჯო ლეონე თურმე “ქარწაღებულნის” ხელმეორე ეკრანიზაციაზე ოცნებობდა. იმ პერიოდში მან იტალიურ გაზეთ “ჯენტეს” ინტერვიუ მისცა და მარგარეტ მიჩელის ნაწარმოების მომავალ ეკრანიზაციაზე ისაუბრა:
– “მე არ მსურს გავიმეორო ორიგინალის ბანალობა. ახლა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მრავალ ნაკლს ვამჩნევ: მოძველდა დიალოგები, ზოგიერთი ეპიზოდი საერთოდ გაუგებარია. რაც შეეხება “გარეთა სცენებს”, ისინი პავილიონებშია შესრულებული, თაბაშირისა და მუყაოს საშინელი დეკორაციების ფონზე. ჩემი ფილმი განსხვავებული იქნება. ვმუშაობ ახალ სცენარზე. გადავიღებთ საქართველოში და ალბათ რამდენიმე ეპიზოდს იუგოსლავიაში. საქართველოს ბუნება ძალიან წააგავს შეერთებული შტატების სამხრეთს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოში პირადად გავფრინდები.”
სერჯო ლეონეს მომავალი ფილმისათვის მსახიობებიც შერჩეული ჰყოლია. “ არ მინდა, რომ მთავარი როლები ვარსკვლავებმა შეასრულონ. შევარჩიე ნიჭიერი, მაგრამ შედარებით უცნობი მსახიობები. ისეთი მსახიობები კი, როგორებიც რობერტ დე ნირო და მარლონ ბრანდო არიან, მეორეხარისხოვან როლებს შეასრულებენ. ამერიკელები აღფრთოვანებულები არიან ჩემი გეგმებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფრით შევძელი გადაღებაზე საავტორო უფლების მოპოვება მწერლის მემკვიდრეებისაგან, რომლებსაც გამოცდილი იურისტების მთელი ჯგუფი ახვევიათ თავს. თითქმის ხმლით მიხდება ცალკეული სიუჟეტის, გმირის, მოქმედების, ადგილმდებარეობის დაცვა. სწორედ ამ იურიდიულ დაბრკოლებებს შეუძლიათ შეაფერხონ ფილმის გადაღება, ფილმისა, რომლის შექმნაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობ”.
სამწუხაროდ სერჯო ლეონემ თავისი ოცნება ვერ განახორციელა და “ქარწაღებულნის” ახალი ვერსია ვერ გადაიღო. ამით უპირველეს ყოვლისა, ყველა დარჩა დაზარალებული, განსაკუთრებით კი მაინც ქართველები, ფილმის დიდი ნაწილი ხომ ჩვენში უნდა გადაეღოთ.
იმ დროს გაგანია კომუნისტური რეჟიმი ჰყვაოდა და საქართველოსაც საკუთარი თავის მსოფლიოსათვის გაცნობა ძალიან უჭირდა. ცნობილი კინორეჟისორისა და მრავალი ამერიკელი ვარსკვლავის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა და მუშაობა კი ამ ვაკუუმს ალბათ ნაწილობრივ შეავსებდა.
ავტორი