1995 წელს რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი, ბორის ელცინი, ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ბილ ქლინთონთან შესახვედრად. ჩასვლიდან რამდენიმე საათში, გვიან საღამოს, ამერიკის საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა შეზარხოშებული ელცინი რეზიდენციიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, პენსილვანია-ავენიუზე, ტრუსების ამარა აღმოაჩინეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნასვამი ელცინი ტაქსის გაჩერებას ლამობდა, რათა ამერიკული პიცის საჭმელად წასულიყო.
1912 წელს თეოდორ რუზველტი ამომრჩევლების წინაშე გამოდიოდა სიტყვით, რა დროსაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ტყვია მას მკერდში მოხვდა, გახეთქა ფუტლარი, რომელშიც სქელყდიანი რვეული იდო ნაწერებით, მაგრამ, იგი მაინც დაიჭრა. გასროლიდან საათ-ნახევრის განმავლობაში რუზველტი სცენაზე იდგა და სიტყვა არ შეუწყვეტია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტყვია პრეზიდენტის მკერდში 76 მილიმეტრით შევიდა, თუმცა, არაფერი დაუზიანებია, მაგრამ, მისი ამოღება სარისკო იყო და დარჩენილი ცხოვრება რუზველტმა ამ ტყვიით გაატარა.
ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია იმ პერიოდში იღებდა ცნობილ კომედიას – „კინ-ძა-ძას”, როცა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად კონსტანტინ ჩერნენკო დაინიშნა. ფილმში ევგენი ლეონოვის გმირი ხშირად გამოთქვამდა სიტყვას „კუ”, რაც ჩერნენკოს სახელისა და გვარის აბრევიატურას ჰგავდა და, ცენზურის დაკვეთით დანელიას ეს ფრაზა უნდა შეეცვალა „კო” ან „კა” სიტყვით, მაგრამ, ხელახალი გახმოვანების პროცესში, ჩერნენკო მოულოდნელად გარდაიცვალა და დანელიამ ფილმს პირველადი გახმოვანება დაუბრუნა.
1825 წელს რუსეთის სამეფო ტახტზე ავიდა იმპერატორი ნიკოლოზ პირველი, რომელიც არ გამოირჩეოდა ორიგინალური ვარცხნილობით, რადგან, თმა არ ჰქონდა. მას შემდეგ, რუსეთის პირველი პირების ჩანაცვლების დროს, მოქმედებს არაოფიციალური კანონი, რომლის თანახმად, მმართველს თმის ცვენის პრობლემის არმქონე პირი ცვლის. ეს „კანონი“ მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როდესაც ანდროპოვი ჩერნენკომ შეცვალა – ორივეს თმის ცვენის დაწყებითი სტადია ჰქონდათ.
1974 წელს ეგვიპტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ფარაონ რამზეს მეორის მუმია ფუჭდებოდა და აუცილებელი იყო მისი ექსპერტიზაზე გადატანა საფრანგეთში. მუმიის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი გახდა ნამდვილი პასპორტის გაკეთება რამზეს მეორისთვის და, ასევე, ფრანგული ვიზის გაფორმება, სადაც გრაფაში – „საქმიანობა” ეწერა, „მეფე” და ფრჩხილებში – „გარდაიცვალა“. პარიზში „ჩასულ“ მუმიას ისე დახვდნენ აეროპორტში, როგორც ხვდებიან ცოცხალ პრეზიდენტებსა და მონარქებს სამხედრო ორკესტრითა და აღლუმით.
2002 წლის აპრილში, იაპონიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ძუნიტირო კოიძუმის კაბინეტიდან დარტყმების ხმა გამოვიდა და სამთავრობო დაცვა სასწრაფოდ შევარდა კაბინეტში სიტუაციის გასარკვევად. აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრი საფეხბურთო ბურთზე დარტყმას სწავლობდა, რისთვისაც კედელს იყენებდა. პრემიერმა დაცვას აუხსნა, რომ ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო იაპონიაში და გახსნის ცერემონიალზე მას სიმბოლურად უნდა დაერტყა ბურთისთვის ფეხი, რისი გაკეთებაც მას არ სცოდნია და ამიტომ ვარჯიშობდა თავის კაბინეტში.
ამერიკის პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის ნეშტი 17-ჯერ იყო გადასვენებული, ხან საფლავის რეკონსტრუქციის, ხან კი უსაფრთხოების ზომების მიღების გამო. პრეზიდენტის კუბო სულ ექვსჯერ გაიხსნა და მისი ნეშტი ახალ კუბოში იქნა გადასვენებული. ლინკოლნის სხეულმა საბოლოოდ მხოლოდ 1901 წელს იგრძნო შვება.
1994 წლის ზაფხულში ბორის ელცინი კაბინეტის წევრებთან ერთად კრასნოიარსკში იმყოფებოდა, სადაც ის მდინარე ენისეიზე თბომავლით გაასეირნეს. გასეირნების დროს ელცინის პრეს-სამსახურის უფროსი კოსტიკოვი, რომელიც ნასვამი იყო, ექსკურსიის სხვა წევრებს ეხუმრებოდა, რომ ენისეიში გადახტებოდა; ამის გამგონე ელცინმა თავის დაცვას ბრძანება მისცა, რომ პრეს-მდივანი წყალში ჩაეგდოთ, რაც იმწუთასვე შესრულდა.
1998 წელს ფილიპინებში გაიმართა პუნქტუალურობის ნაციონალური კვირეული, რომლის მიზანი ფილიპინელების საქმიან შეხვედრებზე ან სამსახურში დროულად მისვლის შეჩვევა იყო. ერთადერთი ფილიპინელი, რომელმაც დააგვიანა ცერემონიის გახსნაზე მისვლა, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ფიდელ რამოსი იყო, რომელმაც დათქმულ დროს მთელი ერთი საათით გადააცილა.
2003 წლის 16 აპრილს CNN-ზე მომხდარმა ტექნიკურმა შეცდომამ ჩვეულებრივ მოქალაქეებს გზა გაუხსნა დაკეტილი ინფორმაციისკენ; კერძოდ, მათ ხელი მიუწვდებოდათ იმ დროისთვის ცოცხალი მსოფლიო ლიდერების წინასწარ გამზადებულ ნეკროლოგებზე. მაგალითად, ცნობილი გახდა: ფიდელ კასტროს, რონალდ რეიგანის, დიკ ჩეინის, ნელსონ მანდელასა და სხვათა ნეკროლოგების ტექსტები.
1986 წლის 31 დეკემბერს, გერმანულმა ტელეარხმა ARD-მა შეცდომით ეთერში გაუშვა კანცლერ ჰელმუტ კოლის წინა წლის საახალწლო მილოცვა.
1991 წლის 31 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურ არხზე საახალწლო მილოცვის გაკეთება იუმორისტ მიხეილ ზადორნოვს მოუწია, რადგან ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა, დამოუკიდებელ რუსეთს კი ჯერ არ ჰყავდა ოფიციალური პრეზიდენტი. რამდენიმე საათში მილოცვის ტექსტი წარმოთქვა ბორის ელცინმა, რომელიც იმ დროისთვის რუსეთის დე-ფაქტო მმართველი იყო.
1974 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა საბერძნეთის მეფე გეორგ მეორე. როდესაც გაზეთებში გამოქვეყნდა მეფის გარდაცვალების ცნობა, ბერძნების უმეტესობამ ეს ამბავი საპირველაპრილო ხუმრობად ჩათვალა.
ავტორი