დღეს, დილიდანვე , ოზურგეთში, ერთ კილოგრამ ახალ თხილს ორ ლარად იბარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოსავლის ჩაბარება, ხუთი დღეა, რაც დაიწყო, ფასი არ გაზრდილა.
_დაამჟავეთ, ხომ თხილის ფასი? – სარკასტული რეპლიკით მიმართავდნენ ამ დილით თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე ოპერატორებს სოფლებიდან თხილის ჩანთებით ჩამოსული ადგილობრივები.
_ჰო, ჰო, დამწნილებულსაც ელოდეთ! ეს ფასიც არ იქნება, მალე, აი, ნახავთ! სულ წვიმს! თხილი არავის შეუწამლავს წელს! ჩვენ რას გვეჩხუბებით? თქვენზე უფრო გვსურს, მაღალი ფასი ჰქონდეს, მაგრამ უარესს გვპირდებიან და ჩვენი ბრალია? _ ამბობდნენ თხილის მიმღები ოპერატორები.
როგორც „გურია ნიუსთან“ თხილის მიმღები ოპერატორები აცხადებენ, მათი ვარაუდითაც, თხილის ფასი, შესაძლოა, უფრო დაეცეს. მიზეზად კი მუდმივი წვიმები სახელდება.
_ცოტათი როგორც შეწყდება წვიმა, ხალხი მაშინვე კრეფს და მოაქვს ეს ნედლი თხილი. გული კარგად შევსებული არც აქვს. აწი „დამდიდრდება“? რა ვიცი…ღმერთმა ქნას..შეხედე, წვიმას აპირებს ისევ, მოაწვა ღრუბლები ამ დილით ძლივს გამოჩენილ მზეს_ თქვა მიმღებმა ოპერატორმა.
ავტორი