ქართველებმა ადამიანის დაფასება არ ვიცით. სამწუხაროდ ეს მწარე რეალობაა და ამ ცხოვრებამ არაერთხელ დაამტკიცა. გამონაკლისს არც სპორტის სფერო წარმოადგენს. რამდენჯერ ატკინეს გული სრულიად უმიზეზოდ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს? ამ სამარცხვინო ფაქტების ჩამონათვალს ალბათ ერთი დიდი წიგნიც ვერ დაიტევდა.
დღეს სიტყვას რამდენიმე გამოჩენილ სპორტსმენს გადავცემთ. სამწუხაროდ დავით ყიფიანი და მიხეილ ქორქია დღეს ჩვენს გვერდით აღარ იმყოფებიან.
მიხეილ ქორქია:
„დინამოდან” ჩვენი ნებით წავედით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე და ზურა საკანდელიძემ საკუთარი სურვილით დავტოვეთ „დინამო”. შეგვჭამეს: ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ჩვენს საქმეში ყოფდა ცხვირს. თან, საინტერესო ისაა, რომ იმ მაღალჩინოსნების აბსოლუტურ უმრავლესობას ისეთივე კავშირი ჰქონდა კალათბურთთან, როგორიც მე, ვთქვათ, ბალეტთან. ცოტა ხანს ვითმინეთ, მერე კი ყველაფერი ყელში ამოგვივიდა და გუნდიც დავტოვეთ.
როცა დამიჭირეს, სამაგალითოდ დასჯას მიპირებდნენ – 96-ე პრიმა მუხლით მასამართლებდნენ, ეს კი 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა. შემდეგ ცოტა „გონს მოეგნენ” და 45-ე მუხლი შემიფარდეს, ანუ ხუთი წელი მომისაჯეს. იმ მოვლენების შესახებ BBC-მ, „ამერიკის ხმამ” და სხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებმაც დაწერეს – საბჭოთა კავშირში უკვე ოლიმპიურ ჩემპიონებს იჭერენო… ათასი ჭორი ითქვა იმ ამბების შესახებ, მათი არც გახსენება მსურს და არც ძიება. საშინელი დღეები გამოვიარე! ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ თბილისის სპორტის სასახლეში მე და ზურას სახელობითი სავარძელი გამოგვიყვეს – სკამებს ჩვენი გვარები ეწერა. დაპატიმრებული რომ ვიყავი, ვიღაც ნაძირალამ სკამიდან ჩემი გვარი წაშალა… ეგ კი არა, მერე მითხრეს, ქუთაისის საკალათბურთო დარბაზში ჩემი დიდი ფოტოც ჩამოუხევიათ.
იცით, ღმერთი როდის ვიწამე? ჩემს უკან ციხის კარი რომ დაიხურა და ჩემი პატარა გოგონა დავინახე. 1987 წლამდე მეც მეგონა, რომ ის წუთები, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო, მაგრამ ვინ იცის, ბედი რას გიმზადებს?! 1987 წელს ციხიდან გამოსვლის წუთები ოლიმპიურ სამ წამზე ღირებული აღმოჩნდა.
ამბობენ, შეცდომებზე სწავლობენო. ძალიან მინდა ჩემმა მწარე გამოცდილებამ ჩააფიქროს დღევანდელი სპორტსმენები. მინდა, რომ ხელმძღვანელობამ იმ სპორტსმენების მოგონებით კი არ დაიმშვიდოს თავი, ვისი წყალობითაც უჭირავს „საუფროსო სავარძელი”, არამედ მანამდე დაეხმაროს, სანამ იმ სპორტსმენებს კრიტიკული მომენტი დაუდგებათ. აი, ეს იქნება ადამიანობა!
როცა ნიკოლოზ დერიუგინმა, 80-იანი წლების თბილისის „დინამოს” ლიდერმა ერთ-ერთ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაციის გაკეთება უცხოელმა სპეციალისტებმა ითავეს. თანხა არ იყო ასტრონომიული, მაგრამ კლუბს ეს ფული არ აღმოაჩნდა. იმ დროს კოლია ოცდაათს უკაკუნებდა. ფუნქციონერებმა, რომლებსაც სპორტსმენზე ზრუნვა ევალებოდათ, არაფერი იღონეს, ასე თქვეს, მალე ის მაინც წავა სპორტიდან და ოპერაციას რა აზრი აქვსო. სანამ სპორტსმენების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება არ შეიცვლება, მანამდე არაფერი გვეშველება“.
დავით ყიფიანი:
„კვიპროსში ჩემი დაკავების ამბავი მალე გავრცელდა მოსკოვსა და თბილისში. ისიც ითქვა, თითქოს რუსულ მაფიასთან ვთანამშრომლობდი. გეტყვით რა მოხდა: რესტორანში, რომლის თანამფლობელიც ვიყავი, ორმა რუსმა ერთს სცემა. ისიც ადგა და იჩივლა, ფულს მძალავდნენო. საქმეში პოლიცია ჩაერია და რადგან რესტორნის თანამფლობელი ვიყავი, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, რომ „საქმეში” მეც ვმონაწილეობდი. სახლში მომადგნენ, გამჩხრიკეს, ბორკილები დამადეს და დამაკავეს. შაბათ-კვირა დაემთხვა, ამიტომ, ორი დღე საპყრობილეში გავატარე. როცა გაიგეს ვინ ვიყავი, თვალები შუბლზე აუვიდათ, სულ ბოდიშის მოხდით გამათავისუფლეს. ნიქოზიის პოლიციის უფროსი მთხოვდა, საჩივარს ნუ შეიტანთო, კვიპროსის გენერალურმა პროკურორმა კი ოფიციალური წერილით მომიბოდიშა. მერე მითხრეს, „იზვესტიას” დაუბეჭდია ცნობა სათაურით „დავით ყიფიანი ეჭვმიტანილია რეკეტში”. ავისმსურველებს მეტი რა უნდოდათ? ათასი ჭორი მომაწერეს.
მე დავით ყიფიანი ვარ! ვამაყობ იმით, რომ რაღაც გამიკეთებია ქართული ფეხბურთისთვის და რაკიღა ფეხბურთელის კარიერის შემდეგ კვლავაც ფეხბურთში დარჩენა გადავწყვიტე, ესე იგი, მაინტერსებს ქართული ფეხბურთის ბედ-იღბალი. კვიპროსზე ჩინებულად ვიყავი მოწყობილი, არაფერი მაკლდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი, რადგან, სწორად გამიგეთ – მინდოდა რაღაცაში გამოვდგომოდი ჩვენ ფეხბურთს. როცა ქართულ ფეხბურთში საქმე ცუდადაა, განა აქვს დავით ყიფიანს უფლება, ამ ყოველივეს შორიდან უცქიროს და ჩუმად იყოს?“
გიორგი ნემსაძე:
„2007 წლის 13 მაისს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს იშვიათად ვიხსენებ, იმ ამბებმა ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გულწრფელად ვამბობ: მთავარი ის კი არ არის როგორ მოექცნენ გიორგი ნემსაძეს, არამედ ის, თუ რა უქნეს ქვეყანას და ჩვენ ფეხბურთს! ეს იყო ფეხბურთში ყველაზე არასწორი და უაზრო ჩარევა. მომხდარი არც თამაშზე ზრუნვით იყო განპირობებული – გარკვეულ ძალას თავისი კანდიდატის გაყვანა სურდა და ასეც გააკეთა. ბოდიში და სულ ფეხებზე დაიკიდეს, ხალხი რას იტყოდა!
რა მოხდებოდა, რომ არ გადავმდგარიყავი, დამიჭერდნენ თუ არა? უხეში ჩარევის შემდეგ მივხვდი – მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. შესაძლოა მე არც შემხებოდნენ, მაგრამ საკუთარ თავს ვინ ჩივის? ახლობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე ვფიქრობდი და წასვლა ვარჩიე.
ერთხელ დაწერეს, მოვლენების ასეთი განვითარებისთვის წინასწარ მზად რატომ არ იყოო. ამაზე სიმწრით მეცინება: გეგულებათ ადამიანი, ვინც 2007 წლის 13 მაისს წინასწარ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლება არჩეულ პრეზიდენტს გადადგომას მოსთხოვდა?“
ნონა გაფრინდაშვილი:
„ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობიდან საკუთარი სურვილით წავედი. მიზეზი? გარდა იმისა, რომ ატლანტაში ჩვენმა გუნდმა ცუდად იასპარეზა, ძალიან გადაღლილი ვიყავი, ყოველდღიურად ნერვიულობა მიწევდა, ბევრი უაზრო პრობლემაც ვერ ავიცილე თავიდან და მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ სპორტში ფული არ იყო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იცით რამდენს ვიღებდი სეოკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე? 22 ლარს!
არ დავმალავ: ოლიმპიური კომიტეტიდან კიდევ იმიტომ წავედი, რომ დიდ სპორტში ძალიან დიდი სიბინძურე დავინახე, ეს კი ჩემთვის, მართლა სუფთა სპორტული გზის გამვლელი ადამიანისთვის, მიუღებელი იყო.
როცა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენს გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილთან ერთად სპეციალურად ჩავედით ერთ ქალაქში და შევხვდით საქართველოდან სხვა ქვეყნებში წასულ სპორტსმენებს, რათა ისინი მოგვებრუნებინა. ერთ-ერთმა მათგანმა, იმხანად საერთაშორისო გამარჯვებებით არცთუ განებივრებულმა, დიდი პრეტენზიით გაგვაკვირვა, ბოლოს კი გვითხრა, საქართველოს ჩემი ვალი აქვსო. ძალიან გავბრაზდი და მივახალე, საქართველოს ჩემი ვალი არ აქვს და შენ რა გაგიკეთებია ისეთი, ამას რომ ამბობ-მეთქი“.
ავტორი