დღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, ყველა თხილის მიმღებ პუნქტთან თუ ქუჩაში მდგარ ოპერატორებთან, ხალხი „მეთხილეებას“ რომ ეძახის, ჩოჩქოლია. არცერთი დასახელების თხილს არ იბარებენ.
ზოგადად კი თხილის ფასი, ბოლო სამი დღის განმავლობაში, მკვეთრად დაეცა. („გულშიშვლას“ 2 ლარად იბარებდნენ).
თხილის მიღებაზე მომუშავეები უხარისხო თხილზე საუბრობენ – როცა ამინდი შეიცვალა, წვიმის შემდგ შეგროვებული, დამპალი თხილი მოიტანეს გასულ კვირაში და როგორ ჩავიბაროთო? “ -ამბობენ რეალიზატორები.
ამ დილით კი არცერთი ჯიშის თხილს არ იბარებენ, თუნდაც საუკეთესო ხარისხის იყოს.
კითხვაზე, თუ რა ხდება, რატომ არის შეფერხება, გვპასუხობენ, რომ არაფერი იციან.
_სიცხე აქვს თხილს, სიცხე, 41 გრადუსი, რატომ ვერ გაიგეთ? _ ხუმრობენ წულაძის ქუჩაზე მდებარე პუნქტებთან თხილის ჩასაბარებლად მისული გურულები.
_სოფელ ოზურგეთიდან დილაადრიან ჩამოვედით. შაქრის ფული არ გვაქვს. ყურძენი დამწიფდა და მარცვლები ცვივა… საკვები პროდუქტი იკითხეთ, გაყინულ-გალოდებული ქათმის კუჭის ერთკილოგრამიანი შეკვრა ცხრა და ათი ლარი ღირს. მართლა რა ვთქვი ამ ცხოვრების და ამ მთავრობის. მწარედ ვხუმრობთ, კი, 41 აქვს სიცხე გლეხის ნაწვალებ თხილს და ეს მაგათი ბრალია, ვინც ამ თხილის საქმეს ტავი ვერ მოაბა… _ ბრაზობენ თხილის ჩასაბარებლად მოსული ნინო და მაია ვასაძეები, თინა შავაძე. ზოგი კი სერიოზულად ბრაზობს, როცა ვინაობას ვეკითხებით_ თხილის წამღების, უფრო სწორად წამრთმევის გვარი იკითხეთ და ის გაარკვიეთო- უმისამართოდ გვედავებიან.
_რად გინდათ, რომ წერთ და ფოტოებს გვიღებთ, ვინმეს ესმის ან რაიმე რეაგირება არის? ნერვებს ნუ გვიშლით, – ბრაზობენ თხილის მიმღები ქალბატონებიც.
მიუხედავად საასტიკი უარისა, რომ თხილს არ ჩაიბარებდნენ, ყველა პუქტში ცალკეულ პირებს მაინც უწობინდნენ თხილიან ტომრებს და კუთხეში ალაგებდნენ.
_თუ არ იბარებთ, თან ფასი არ იცით, რატომ წონით მავანის თხილს? _ ვკითხეთ მათ.
პასუხი ყველგან ერთნაირი მივიღეთ; „შინაურია, ჩამოტანილი აქვს, ვიტოვებთ, გვეცოდება ჩვენიანი… და როცა ფასს გავიგებთ, გადავუხდითო“.
ვინ არის „ის“, ვისგანაც ახლა თხილის ფასის კარნახს სულმოუთქმელად ელოდებიან, პასუხს არავინ გვცემს, ყველა დუმს და მხოლოდ ტელეფონებს დასცქერიან.
ავტორი