პარლამენტმა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტების პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა და ერთხმად გამოუცხადა მხარდაჭერა.
კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.
„ეს კანონპროექტები ინიცირებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ და უკავშირდება ცნობილი 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განსაზღვრული ამოცანებიდან მე-11-ეს შესრულებას. ეს საკითხი უკავშირდება საერთო სასამართლოების მიერ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის პროაქტიურად გამოყენების წახალისებას. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც კომიტეტის მიერ შეიქმნა, ამოცანად დაისახა, რომ რაც შეიძლება მეტი იდეისთვის მოგვეყარა თავი, რომელთა მეშვეობითაც მოხდებოდა ისეთი მექანიზმების მოფიქრება ქართულ კანონმდებლობაში ასასახად, რომლის შედეგადაც გვექნებოდა წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები სასამართლო ხელისუფლებისა, რომ რაც შეიძლება უფრო აქტიურად ხორციელდებოდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტების გამოყენება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აქტიური გამოყენების წამახალისებელი საკანონმდებლო პაკეტის შესამუშავებლად კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობა წარმატებული იყო. ჯგუფის მუშაობაში პოლიტიკოსებთან ერთად მონაწილეობდნენ პროფესიული და აკადემიური წრეების, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
საკანონმდებლო პაკეტი 11 კანონპროექტისგან შედგება. საერთო სასამართლოების შესახებ კანონების გარდა, ცვლილებები შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პროკურატურის, ნორმატიული აქტების, ადვოკატთა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები შესახებ კანონებში, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო საპროცესო, ადმინისტრაციულ საპროცესო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსებში.
მომხსენებელმა თითოეულ კანონში ცვლილების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ სამართალში უფრო აქტიურად გვქონდეს გამოყენებული სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ამ სასამართლოს იურისპრუდენციის რეპუტაცია ძალიან მაღალია. აქ ყველაზე მაღალი ხარისხით, ყველაზე აკადემიურად, დახვეწილად, ყველაზე მაღალი სტანდარტით ხდება ზრუნვა ადამიანის უფლებების განვითარებაზე, სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენი კანონმდებლობის სწორება ამ მიმართულებაზე არის მნიშვნელოვანი და ეს წარმოდგენილი პაკეტი ამას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საკანონმდებლო პაკეტის მიმართ მხარდაჭერა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.
ამ კანონპროექტებისათვის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით ანა ნაცვლიშვილმა. მხარდაჭერის შესახებ სხდომაზე განაცხადეს ასევე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელთა სახელით ანა ბუჩუკურმა და საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ სახელით ლევან იოსელიანმა.