მსახიობი ვაჟა ჯოჯუა გარდაიცვალა. ის საზოგადოებამ “მამლუქში” შესრულებული გოჩას როლით გაიცნო.
მას არაერთი შემოთავაზება ჰქონდა შემდეგაც, თუმცა ეს მისი ერთადერთი როლია, სადაც ითამაშა.
როგორც “ამბიონი” იუწყება, ფილმის დამდგმელ რეჟისორსა და სცენარის ავტორს, დავით რონდელს, ვაჟა ჯოჯუა ურეკის სანაპიროზე შემთხვევით უნახავს. რონდელს უკვე ნაპოვნი ჰყავდა ხვიჩას როლის შემსრულებელი და ეძებდა ბავშვს, ვინც გოჩას როლისთვის შესაფერისი იქნებოდა.
როდესაც ვაჟა დაუნახავს, უთქვამს: “აგე, ვიპოვე, ვიპოვე”. შეშინებული ვაჟა სანაპიროზე მირბოდა, უკან კი რონდელი მისდევდა.
„მამლუქის“ გადაღების შემდგომ რონდელმა ვაჟას მშობლებს სთხოვა, რომ ვაჟი მისთვის მიებარებინათ, რადგან ამ ბიჭუნას წინ დიდი მომავალი ჰქონდა. თუმცა, მამამ უარი განაცხადა. მას ერთი 29 წლის შვილი გარდაცვლილი ჰყავდა და მეორე შვილსაც სხვაგან გასაგზავნად, კალთიდან მოსაწყვეტად ვერ იმეტებდა.
ასე დაიწყო და დამთავრდა პატარა ბიჭის დიდი სამსახიობო ცხოვრება. თუმცა ქართველ მაყურებელს გოჩა კარგად დაამახსოვრდა.