ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაგომარი, თავისი ისტორიით და ცნობადობით, ერთ-ერთი გამორჩეულია ადგილობრივ სოფლებს შორის.
ნაგომარში მოსახლეობის, თითქმის მესამედი, ისევე, როგორც ყველგან, ადგილზე არ იმყოფება. ძირითადად, სამუშაოს საძებნელად არის ხალხი წასული და ბევრი სახლი დაკეტილია.
როგორც ადგილობრივები გვწერენ, სოფელს უამრავი პრობლემა აქვს. უფრო მეტიც _ ისინი ამბობენ, რომ ნაგომარი მუნიციპალიტეტში ყველაზე მივიწყებული სოფელია.
“რაც კომუნისტები გაქრნენ, მას შემდეგ წყლის ონკანებიც დაიკეტა. უპირველესი პრობლემა ეს არის. ხალხი ჭას არის მიშტერებული _ კიდევ კარგი, წელს დიდხანს იყო წვიმიანი ამინდები და არ დამშრალა. როცა გვალვაა ჭების უმეტესობა შრება. რამდენიმე ოჯახისგან ვეზიდებით წყალს. გზა? _ ნუ იკითხავთ! ამხელა სოფელში, შიდა საუბნო გზები ისეა გაფუჭებული და ამორტიზებული, ოდნავ მოსაღამოვდება თუ არა, ფანარი თუ არ მოიშველიე, რომელიმე ორმოში ჩავარდნა არ აგცდება და კისერს მოიტეხ. რომელი ერთი გითხრათ? ადგილზე უკეთ ნახავთ…”_ გვწერენ ისინი.
“გურია ნიუსი” ნაგომარს ეწვია. გზად ბათუმიდან მიმავალი ჭირისუფალი შეგხვდა, რამდენიმე ნაგომრელთან ერთად:
_ ვინაობა რად გინდათ, აქაურები ვართ. გზა და წყალი მარადიული პრობლემაა. სასაფლაოს ათასში ერთხელ თუ გაწმენდენ. განათება აქ არ არის. ბაღის შენობა, რაც დაიწვა თუ დაწვეს, აღდგენა არ ეღირსა. პატარებს არ უნდათ ბაღში სიარული? რომელი საუკუნეა? სოფლის ცენტრში უმოქმედო შენობები სანაგვეებად არის ქცეული, _ გვითხრეს მათ.
სოფლის ცენტრში, ასფალტის დაფაზე ახალგაზრდების რომანტიკული განწყობით სავსე წარწერები ჩანს: “შენ ჩემიდან არსად გაგიშვებ”, “მღვრიე თვალებით ვიყურები და როგორ გითხრა, ჩემი გული რისი მსგავსია…”
მეთერთმეტე კლასელი ანანო შენგელია ჩვენთან საუბარს თავისი სოფლის სიყვარულზე იწყებს:
_ ძალიან მიყვარს ჩემი ნაგომარი. პრობლემები ყველგან არის, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არავინ ყურადღებას არ აქცევს. წყლისა და გზის პროექტების სამზადისი დაწყებულია. სოფლის ცენტრალურ გზაზე და ირგვლივ გარე განათება ყველგან არის. შიდა გზებზე კი, როგორც ვიცი, ახლო მომავალში გაკეთდება, თუმცა, ჯერ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი უნდა მოწესრიგდეს, _ გვითხრა მან.
ერთადერთი რაზეც ადგილობრივები კმაყოფილებით საუბრობენ სამგზავრო ტრანსპორტია. ამბობენ, რომ ნაგომარი თბილისი-ბათუმის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ყველა გამვლელი სამარშრუტო ტრანსპორტით სარგებლობენ:
_ სოფლის ავტობუსი მხოლოდ ხუთშაბათს არ მოძრაობს. დანარჩენ დღეებში, ჩვეულებრივად ასრულებს მარშრუტებს ოზურგეთიდან, _ გვითხრეს მათ.
_ ყველაზე ძალიან რაც გვაწუხებს, უწყლობა და შიდა გზების პრობლემაა. სულ ორმოებად არის ქცეული. წყალი არ გვაქვს. თუმცა, გვპირდებიან, რომ გააკეთებენ, _ გვეუბნება ნაგომრის მცხოვრები დოდო სტეფანია. მანვე თქვა, რომ სოფელში არაა მაღაზია და ხალხი, ოზურგეთსა და ჩოხატაურში დადის ყველაფრის საყიდლად.
_ ყველაზე ძალიან სოფლის მოსახლეობას უწყლობა აწუხებს. ჭების იმედად ვართ. შიდა გზებიც დანგრეულია. მე მინი-ტრაქტორი მყავს. ვმუშაობ, ვწვალობ… მიჭირს ამ გზებზე გადაადგილება. კი გვპირდებიან, გავაკეთებთო და ჩვენც ველოდებით. მეტი რა გზაა, _ გვეუბნება ნაგომრელი გიგა სარიშვილი.
რა ეშველება სასმელი წყლის უქონლობას, დამწვარ საბავშვო ბაღს და მრავალ პრობლემას, რაზეც ნაგომრელები საუბრობენ? _ ამ კითხვებით, ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ნაგომარში, მიხეილ ცქიტიშვილს მივმართეთ:
_ წყლის პრობლემა ახალი არ არის. მართალია, რაც კომუნისტების დროს იყო, მერე წყალგაყვანილობა არ გაკეთებულა. ის ძველი ქსელი კი დაიშალა, დაიჟანგა, გაფუჭდა. თუმცა, ამის შესახებ ინფორმირებულია მერია. წელს პროექტირება უნდა მოხდეს და ტენდერიც გამოცხადდება. რაც შეეხება შიდა გზებს, ძალიან კრიტიკულ უბნებში, გაუვალი, დამრეცი ადგილები სადაც არის, 270 მეტრი სიგრძის და ასევე, 200 მეტრამდე სიგრძის, მალე დაიგება. გადაწყვეტილია დანარჩენი გზების მოხრეშვა, ამ ეტაპზე. სოფლის ირგვლივ, წრიულად არსებული გზა, მოასფალტებულია და მთელ სიგრძეზე 180 ლამპიონია განთავსებული. რამდენიმე გადამწვარია, აღვრიცხეთ და მალე შეიცვლება.
ყველაზე მტკივნეულ, დამწვარ საბავშვო ბაღს რაც შეეხება, ხარჯთაღრიცხვა უკვე დაწერილია და კეთდება. გვეხმარება იაპონიის საელჩო. ნამდვილად ვიცი, რომ მერიიდან საბუთები გადაგზავნილია საელჩოში. ამავე შენობაში უნდა განთავსდეს ამბულატორიაც და სოფლის ადმინისტრაციაც. ასევე, უნდა მოხდეს სოფლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. შენობა კულტურის სამინისტროს ბალანსზეა. საქმის კურსში არის სამინისტრო. იყვნენ ჩამოსული და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდება სრული რეაბილიტაცია, _ გვითხრა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება დასუფთავების პრობლემას, მიხეილ ცქიტიშვილი ამბობს, რომ კვირაში ერთხელ ყოველთვის სუფთავდება სოფლის ცენტრი, სასაფლაოები, მოქმედებს დასაქმების პროგრამა.
_ რაც შეეხება უმოქმედო შენობებში დაყრილ ნაგავს, სიმართლეა და ამაზე მითითება მიეცათ. მათი საკუთრებაა და დაკეტილი აქვთ, _ ამბობს მიხეილ ცქიტიშვილი.
“გურია ნიუსი” თვალს მიადევნებს ნაგომარში არსებული პრობლემების მოგვარების საკითხს.
ავტორი