საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ჰემატო–ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ მიზნით, უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ–ავივში, ონკო–ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან, სახელმწიფო კლინიკებში– Sheba Tel Hashomer Hospital“, “Ichilov Medical Center“ და “Hadassah Medical Center იმყოფებოდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკების ხელმძღვანელებთან და კლინიცისტებთან შეხვედრები გამართეს და ჰემატო–ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაეცნენ. მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრები გაიმართა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც არასაბიუჯეტო თანხების მობილიზებით და საყოველთაო სოლიდარობით, ისრაელში, ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების განვითარებას უწყობენ ხელს.
თელ–ავივში, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოსადასაქართველოში ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფთან ერთად, მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების (საუკეთესო) გამოცდილების გაზიარებასა და პროცესში, უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ისრაელის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები, ჰემატო–ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გერმანიაში გაეცნობიან.