კიევო-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრად დარეგისტრირდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ლავრიდან გაუშვეს პრორუსი მღვდლები.
უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ დააზუსტა, რომ საუბარი არაა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან ლავრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემაზე.
ტკაჩენკოს თქმით, საუბარია იურიდიული პირის დარეგისტრირებაზე ლავრის იმ ნაწილში, სადაც ისედაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ექსპლუატაციაში იყო და არ ვრცელდებოდა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია.
ტკაჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ კიევ-პეჩორის ლავრა მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია და მის ზედა ნაწილში მუზეუმია განთავსებული, ქვედა ნაწილზე კი იურისდიქცია იჯარით აქვს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ლავრის ზედა ნაწილში მდებარე ერთმა მონასტერმა სახელი შეიცვალა და დღეს დარეგისტრირდა.
კიევის წმინდა მიძინების კიევო-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნის რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაში საგამოძიებო მოქმედებები 23 ნოემბერს დასრულდა.
აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიებსა და სამრევლო სკოლებში სწავლის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის; ნაღდი ფული 2 მილიონზე მეტი გრივნა, 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფული ტესტი. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ობიექტების ტერიტორიაზე.
1-ელ დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მინისტრთა კაბინეთს მისცა მითითება, უმაღლესი რადისთვის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიის საქმიანობის შეჩერება შეეთავაზებინათ. ამას გარდა, ზელენსკიმ წამოაყენა ინიციატივა, რომ შეემოწმებინათ, თუ რამდენად კანონიერია მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩორის ლავრაზე იურისდიქციის ქონა.
ავტორი