რა დაემართათ ჩვენს მამაკაცებს, სად გაქრა მათი შემართება და ვაჟკაცობა? რატომ გახდნენ ისინი ასეთი სუსტები და რატომ ითხოვენ ჩვენგან მხარდაჭერას, იმის ნაცვლად, რომ პირიქით, გვიცავდნენ პრობლემებისგან? – გამოტყდით, ხომ ხშირად მოგისმენიათ ასეთი საუბარი თქვენი მეგობარი ქალბატონებისგან?
სიმართლის რაღაც მარცვალი ამაში არის – ზოგჯერ მამაკაცები მართლაც იქცევიან პატარა ბავშვებივით: წუწუნებენ, ჭირვეულობენ და, საგმირო საქმეებს ვინ ჩივის, ყვავილის მორთმევაც კი ეზარებათ.
სამწუხაროდ, კეთილშობილი რაინდები დინოზავრებივით გადაშენდნენ. რა ქნან, ესეც პროგრესის ბრალია, მამაკაცების ბრალიაო, ვინ ამბობს?! მთავარია, ჩვენ, ქალებმა დავინახოთ მათში მებრძოლი სული და გავაღვივოთ ნაპერწკალი, რომელიც კოცონივით აგიზგიზდება.
არც ერთი მამაკაცი არ გამოვიდოდა გამოქვაბულიდან და არ იზრუნებდა, უფრო კომფორტული გაეხადა თავისი ყოფა, ქალს რომ არ წაექეზებინა ამისკენ.
მამაკაცების პრობლემა ისიც არის, რომ პრობლემების წინაშე სწრაფად იხევენ უკან. დეპრესიისკენ მიდრეკილებიც ქალებზე მეტად არიან. სამაგიეროდ, ვერ ამჩნევენ წვრილმანებს, მხოლოდ გლობალური პრობლემები და პოლიტიკა აინტერესებთ.
„სად ხართ, მამაკაცებო!..“ – ნუ იყვირებთ ამას. ისინი აქვე არიან, ჩვენ გვერდით. უბრალოდ, „გამოქვაბულიდან“ გამოსვლა არ უნდათ და, ეს თქვენ უნდა გააკეთებინოთ, ძვირფასო ქალებო!
ძალდატანებით არა! – სიყვარულით!
ავტორი