“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი სიმულანტია, მისი აზრით, დღევანდელ პროცესზე ვნახეთ “ძალიან უნიჭო სიმულაცია”.
კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ვიზუალი, არაფრით განსხვავდებოდა იმ დამონტაჟებული კადრებისგან, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
„დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია. რაც შეეხება, მის ვიზუალს, არაფრით არ განსხვავდება იმ კადრებისგან რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ და ეს იყო ორი დღით ადრე გადაღებული კადრები, ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება და მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც ასევე გამოიწვია წონის კლება. ეს არის ერთადერთი რასაც ვხედავთ ჩვენ მისი ვიზუალიდან. დანარჩენი, რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ არის ცალსახა სიმულაცია და ძალიან უნიჭო სიმულაცია, რაც ვიხილეთ ჩვენ, მათ შორის ტელევიზიებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მისი ადვოკატები მოითხოვენ, რომ სააკაშვილი ან სასჯელისგან განთავისუფლდეს ან მას სასჯელი გადაევადოს და სამკურნალოდ მისი გადაყვანა უცხოეთში მოხდეს.
დღევანდელ სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო, თუმცა მოგვიანებით იგი ცუდად გახდა და სხდომას ჩაეხსნა.
წყარო: მთავარიტვ