ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მკვლევრებმა ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ შეძლეს, დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაეფიქსირებინათ მაღალი ენერგიის პროტონების ნაკადების შეჯახება და დაეწყოთ კვლევების სერია.
რეკორდული ენერგიის, 7 ტერაელექტრონვოლტის მქონე დამუხტული ნაწილაკები, რომლებიც ორივე მიმართულებით ცირკულირებენ კოლაიდერის 27-კილომეტრიან გვირაბში, ერთმანეთს შეეჯახნენ.
პროტონების ნაკადების ამ შეჯახებამ, ფაქტობრივად, სათავე დაუდო ფიზიკური კვლევების პროგრამას ამაჩქარებელზე, რომლის ღირებულებაა 10 მილიარდი ფრანკი (9 მილიარდი დოლარი).
ამაჩქარებელი შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე 100 მეტრის სიღრმეზეა დამონტაჟებული. ფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ დიდი ადრონული კოლაიდერის დახმარებით მიიღებენ ახალ ცოდნას სამყაროს აგებულების შესახებ. შეეცდებიან აღმოაჩინონ, ეგრეთ წოდებული, „ჰიგსის ბოზონი“, რომელიც მეცნიერებს სამყაროს წარმოშობის საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარება.
ყველა ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი პირობების შექმნისკენ, რომლებიც 13 მილიარდი წლის წინათ, დიდი აფეთქებიდან პირველ წამებში არსებობდა, რომელმაც სამყაროს წარმოშობამდე მიგვიყვანა. „ჰიგსის ბოზონი“ ნაწილაკს პროფესორ პიტერ ჰიგსის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც დაამუშავა ჰიპოთეზა ამ „ღვთიური ნაწილაკის“ არსებობის შესახებ. ამ ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო გამსჭვალულია უხილავი ველით, რომელიც შედგება ბოზონებისგან – ნაწილაკებისგან, რომელთა დახმარებით მატერია იძენს მასას და ფორმას. როდესაც ელემენტარული ნაწილაკები მოძრაობენ ამ ველში, ბოზონები „ეწებებიან“ ზოგიერთ მათგანს და ზრდიან მათ მასას, სხვები კი თავისუფალი რჩებიან. დიდი ადრონული კოლაიდერის დახმარებით სწავლულები აგრეთვე შეეხებიან ანტიმატერიის პრობლემას – შეეცდებიან, უპასუხონ კითხვას: რატომ არაა სამყაროში ანტიმატერია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი აფეთქების მომენტში წარმოიქმნა მატერიისა და ანტიმატერიის თანაბარი რაოდენობა? კერძოდ, კოლაიდერზე შესწავლილი იქნება კვარკ-გლიუონური პლაზმა, რომელიც უნდა წარმოიქმნას აჩქარებული ტყვიის იონების შეჯახებისას.
სწავლულთა აზრით, სწორედ ასეთი მდგომარეობა არსებობდა დიდი აფეთქებიდან პირველი წამების შემდეგ.
ავტორი