დოდო აბაშიძის მუშტის ძალაზე ლეგენდები დადიოდა. ჩხუბს თვითონ არასდროს დაიწყებდა, მაგრამ თუ გამოიწვევდნენ, ვეღარავინ უმკლავდებოდა.
გურამ ლორთქიფანიძემ ერთხელ ერთი ამბავი გაიხსენა:
“ეს შემთხვევა მამაჩემის მეგობარმა მიამბო. ვაკის პარკთან ღია რესტორანი იყო. ერთხელ დოდო იქ ქეიფობდა მეგობრებთან ერთად, თორმეტნი იყვნენ, ჩხუბის შემძლე ხალხი, მაგრამ ძალიან ნასვამები.
შემოსულა ოთხი ახალგაზრდა “კაგებეშნიკი”. დოდოს მაშინ “ბაში-აჩუკში” იღებდნენ და წვერი ჰქონდა მოშვებული. ამ ოთხმა გაუწყალეს გული, დოდოს წვერს შეეხნენ, დაცინვა დაუწყეს. იარაღით იყვნენ. გადაკეტეს და წავიდა ჩხუბი.
დოდოს უჩხუბია, როგორც ვეფხვს. მეორე დღეს ჩემთან რომ მოვიდა, რას ჰგავდა იცით? ყური გახეული, ცხვირი მოგლეჯილი. ვერ წააქციეს თურმე. მარტომ იჩხუბა და გაიმარჯვა”.