თბილისში მკვლელობის გამო ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზ.ე. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.თ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს ნ.ზ. შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.